იმ ფონზე, როცა ჯერ ერთი თვეც არ არის გასული პარლამენტის მიერ განცხადების მიღებიდან, რომელიც გმობს რუსეთის „მცდელობას მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია“ მასთან დაგეგმილი ხელშეკრულების გზით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა მოუწოდეს საკანონმდებლო ორგანოს, რომ ამავე თემაზე რეზოლუცია მიიღოს.
ნაციონალური მოძრაობის ეს მოწოდება რამდენიმე დღით უსწრებს პარტიის მიერ 15 ნოემბერს თბილისის ცენტრში დაგეგმილ საპროტესტო აქციას, რომელიც პარტიის თქმით, საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის და რუსეთის მიერ აფხაზეთის „ანექსიის მცდელობის“ წინააღმდეგ არის მიმართული. ნაციონალური მოძრაობა სატელევიზიო რეკლამებსაც უშვებს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. 12 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ 15 ნოემბერი რუსეთის მიმართ ხელისუფლების „კაპიტულანტური“ პოლიტიკის წინააღმდეგ „გადამწყვეტი ბრძოლის“ დაწყების მანიშნებელი იქნება.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, რომელთაც თეთრი მაისურები ეცვათ პარლამენტის 12 ნოემბრის სხდომაზე წარწერით „არა ანექსიას“ და „15 ნოემბერი“, ამაოდ ეცადნენ, რომ რეზოლუციის პროექტი პარლამენტის ოთხშაბათის დღის წესრიგში შეეტანათ; მათ მოთხოვნას უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ამ ინიციატივამ მთელი რიგი პროცედურები უნდა გაიაროს, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები, სანამ პლენარულ სხდომაზე მოხდება მისი განხილვა მას შემდეგ, რაც პარლამენტის ბიურო ოფიციალურად შეიტანს დღის წესრიგში.
როდესაც 17 ოქტომბერს პარლამენტმა მმართველი კოალიციის მიერ ინიცირებული განცხადება მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ მას მხარი არ დაუჭირა და სანაცვლოდ, რეზოლუციის საკუთარი პროექტი წარადგინა, რომელიც მოუწოდებდა, რომ საქართველოს უარი ეთქვა რუსეთთან ორმხრივ არაფორმალურ დიალოგში მონაწილეობაზე. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს 12 ნოემბერს, რომ მათი ახალი რეზოლუციის პროექტი „დაბალანსებული“ და „ზომიერია“, რაც რაიმე სერიოზულ აზრთა სხვადასხვაობას არ გამოიწვევს დეპუტატებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)