Site icon Civil.ge

პრეზიდენტი მარგველაშვილი ირაკლი ალასანიას შეხვდა



პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას 13 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 13 ნოემბერს თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას თავის ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლა.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ მათ "ქვეყანაში შექმნილ  პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს და თავდაცვის სამინისტროში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს".  

„ვისაუბრეთ იმაზე, ჩვენ ქვეყანაში აუცილებელია, რომ პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით პროდასავლური პოლიტიკური ძალები გაძლიერდეს და ქვეყანამ გააძლიეროს ინსტიტუტები და ინსტიტუტები იღებდნენ მონაწილეობას ქვეყნის მართვაში“, – განაცხადა ალასანიამ ვიდეო-კომენტარში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეხვედრის შესახებ გაავრცელა. 

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის „მქონდა მოსახსენებელი ის თემები, რომელიც დაწყებული იყო თავდაცვის სამინისტროში, რომლის საქმის კურსში იყო პრეზიდენტი და იმედი გამოვთქვით, რომ გაგრძელდება იმიტომ, რომ ეს უკავშირდება სწორედ ჩვენს მთავარ, ეროვნულ ამოცანას, რომ ევროპის ნაწილი და ევრო-ატლანტიკური სივრცის ნაწილი გავხდეთ, სამხედრო ძლიერებას, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას“.

მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრისას იმედი გამოითქვა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ წამოწყებული ორ დამოუკიდებელ საქმეზე გამოძიებისა და სასამართლო პროცესები წარიმართება „ღიად და ტრანსპარენტულად“.

„ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდება და საზოგადოება დაინახავს, თუ რა მიღწევები ჰქონდა არმიას და თავდაცვის სამინისტროს ბოლო წლებში“, – განაცხადა ალასანიამ, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველად შეხვდა პრეზიდენტს.  

13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ შეუფარდა თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამსახურის იმ წარმომადგენლებს, რომელთაც ბრალი ედებათ გულგრილობაში 2013 წელს ჯარისკაცების მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით. პროკურატურა გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ამ საქმისგან განსხვავებით, თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი წინასწარ პატიმრობაში რჩება საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის საქმესთან დაკავშირებით.

ხუთშაბათს ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ყველა საქმის ერთიანად წამოწევა „ბევრ ეჭვებს ბადებს“, რომ „ამას აქვს პოლიტიკური სარჩული“.

მას გამოძიებაში არსებულ საქმეებთან ერთად ასევე მხედველობაში ჰქონდა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის მიმართვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფს გადასცეს თავდაცვის სამინისტროს შემოწმების მასალები. აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ ამ მასალებს უახლოეს ხანებში მიაწვდის პარლამენტს. ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მან აუდიტის სამსახურს მინისტრად მუშაობის დროს თავად მიმართა შემოწმების თხოვნით.

„თავისფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით,  ამ „ერთიანი შემოტევით“ სურთ “პოლიტიკური იმიჯის დაზიანება ერთ-ერთი სოლიდური პოლიტიკური ძალის, მაგრამ ეს მათ არ გამოუვათ“.

„ეს არის არა სამართლიანი კანონების ნება, არამედ ერთი კაცის ნება“, – განუცხადა ალასანიამ 13 ნოემბერს ჟურნალისტებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)