Site icon Civil.ge

კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

კახა ბენდუქიძე, რომლის თაოსნობითაც საქართველოში ბევრი ანტი–კორუფციული და ლიბერალური ეკონომიკური რეფორმა განხორციელდა, 13 ნოემბერს 58 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზი თავიდანვე არ იყო ცნობილი. ბენდუქიძის მეგობრებმა და კოლეგებმა თბილისში განაცხადეს, რომ ცოტა ხნის წინ მას სტენტირების ოპერაცია ჩაუტარდა.

„გაოგნებული და თავზარდაცემული ვარ“, – წერს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე, „დღეს, პირველად არ პასუხობდა ჩემს სატელეფონო მესიჯებს… კი გამიკვირდა და მერე შემატყობინეს [ბენდუქიძის გარდაცვალების შესახებ]“.

ბენდუქიძე, რომელმაც თავისი ქონება 90–იან წლებში რუსეთში დააგროვა, საქართველოში 2004 წელს დაბრუნდა, როდესაც ის ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა.

შემდეგ 2004–2008 წლებში ის რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მსახურობდა, ხოლო 2009 წლის დასაწყისამდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო.

რამდენიმე წლის წინ ბენდუქიძემ საქართველოს განათლების სექტორში დაიწყო ინვესტიციის ჩადება, მან თავისუფალი უნივერსიტეტი დააარსა და ასევე განახორციელა ინვესტიცია აგრარულ უნივერსიტეტში.
 
ბენდუქიძე უკრაინის მთავრობის საერთაშორისო ექსპერთა საბჭოს ერთ–ერთი წევრი იყო ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით. 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თანაგრძნობა გამოუხატა ბენდუქიძის ოჯახს, მეგობრებს და „იმ მილიონ ადამიანს, ვისთვისაც [ბენდუქიძე] იყო და კვლავ რჩება დიდი ცვლილებების მამოძრავებელ ძალად“.