Site icon Civil.ge

პრემიერ–მინისტრის მიმართვა ნაციონალური მოძრაობის მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციის წინ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის მიერ 15 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი აქციის წინ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „სრულიად მიუღებელია, როცა საყოველთაო პროტესტს ქვეყნის ანექსიის წინააღმდეგ ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალა თავის თავზე მიიწერს“, ხელისუფლება პატივს სცემს და უპირობოდ დაიცავს მათი გამოხატვის თავისუფლებას.

პრემიერ-მინისტრმა 14 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილობით მიმართვაში მოუწოდა სამართალდამცავებს, რომ დაიცვან წესრიგი ხვალინდელ აქციაზე და „აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას შეუშლის ხელს“. 

„იმედი მაქვს, რომ აქცია ჩაივლის ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ დემოკრატიული პრინციპების ერთგულია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ გასული თვის ბოლოს დააანონსა თბილისის ცენტრში აქცია, რომელიც პარტიის თქმით, საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის და რუსეთის მიერ აფხაზეთის „ანექსიის მცდელობის“ წინააღმდეგ არის მიმართული.

ამ აქციის თაობაზე გაკეთებული წინა კომენტარის მსგავსად, ღარიბაშვილმა თავის წერილობით მიმართვაშიც გაიმეორა, რომ „ამას ის ხალხი ცდილობს, რომლის პოლიტიკამაც ხელი შეუწყო ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპირებას, დაიღუპა ასეულობით ადამიანი, დაიკარგა კოდორი და ახალგორი, დაიკარგა 100-ზე მეტი სოფელი, დევნილად იქცა ათეულ ათასობით ადამიანი“.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაცია საქართველოს თითოეული მოქალაქის მისწრაფებაა, და ამიტომაც სრულიად მიუღებელია, როცა საყოველთაო პროტესტს ქვეყნის ანექსიის წინააღმდეგ ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალა თავის თავზე მიიწერს და ქვეყნის მთლიანობის იდეას მხოლოდ საკუთარ თავთან აიგივებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მიმართვის დასაწყისში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომელსაც „ხელისუფლება მტკიცედ ადგას“ და ეს პროცესი „შეუქცევადია“, შეიძლება „ბევრი დაბრკოლება შეგვხვდეს, რომელიც ღირსეულად უნდა გადავლახოთ“.

მისი თქმით, ხელისუფლება „კარგად ხედავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საფრთხეს“ რუსეთის მიერ სოხუმისთვის შეთავაზებული ახალი ხელშეკრულების მეშვეობით,  რომელიც „ქართულ სახელმწიფოებრიობას და საქართველოს ერთიანობას ემუქრება“.

„ჩვენ თვალს არ ვხუჭავთ იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევას და აფხაზებს სთავაზობს ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომელიც არა მარტო ანექსიის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეფასდება, არამედ აფხაზებს, როგორც ერს, გაქრობით დაემუქრება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მიმართვაში, სადაც ასევე მიუთითებს ამ საკითხზე ყურადღების მისაქცევად მთავრობის მიერ საერთაშორისო ბერკეტების ამოქმედებაზე.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები ძალას არ დაიშურებენ და წინ აღუდგებიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში ხელყოფის მცდელობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„დარწმუნებული ვარ, რომ არც ჩვენი აფხაზი ძმები შეეგუებიან ამას, კეთილგონიერებას გამოიჩენენ და საქართველოს დაუკავშირებენ თავიანთ მომავალს“, –  აღნიშნა მან მიმართვაში.

„არა მგონია, დღეს არსებობდეს ადამიანი, რომელიც ვერ ხვდებოდეს, როგორ ბეწვის ხიდზე უწვეს საქართველოს გავლა. რადიკალიზმი დღეს სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ჩვენი ქვეყნისთვის. მშვიდობიანი, კარგად გათვლილი და პრაგმატული პოლიტიკის გარდა, ყველა სხვა ნაბიჯმა შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. გაუაზრებელმა მოქმედებამ და რადიკალიზმმა საქართველო 2008 წლის ომამდე მიიყვანა. ეს მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის – ჩვენ ემოციური გადაწყვეტილებების უფლება არა გვაქვს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის აქციამდე ერთი დღით ადრე გავრცელებულ მიმართვაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)