Site icon Civil.ge

ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას დავით დონდუა უხელმძღვანელებს

საგარეო საქმეთა მინისტრის ახლადდანიშნული პირველი მოადგილე დავით დონდუა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

დონდუამ, უწყების ცნობით, მისი წინამორბედისგან დავით ზალკალიანისგან, რომელმაც თანამდებობა დატოვა, ჟენევის მოლაპარაკებათა პაკეტი უკვე გადაიბარა.

ახალმა მომლაპარაკებელმა 18 ნოემბერს თბილისში შეხვედრა გამართა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირიდან ჰერბერტ ზალბერთან და ეუთოდან ანჯელო გნედინგერთან, სადაც  ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდის მოსამზადებელ საკითხები განიხილეს, რომელიც 9-10 დეკემბერს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მოლაპარაკებები, რომელსაც  ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობენ, საქართველოს, რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება ორ სამუშაო ჯგუფში, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს იხილავს.