Site icon Civil.ge

ბერუჩაშვილი: მოსკოვი-სოხუმის ე.წ. ხელშეკრულება ‘ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია’

საქართველოს მთავრობა გმობს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ ახალ ხელშეკრულებას, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 24 ნოემბერს სოჭში მოაწერეს ხელი, როგორც  „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა. 

„მის ხელმოწერას ექნება ნეგატიური შედეგები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ისევე როგორც უფრო ფართოდ, ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში“, – განაცხადა მან 24 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე.

„ე.წ. დოკუმენტი წარმოადგენს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეშ შელახვას“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა წარმოადგენს რუსეთის მიზანმიმართულ ნაბიჯს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საპასუხოდ. საქართველო მტკიცედ განაგრძობს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და მიიღებს ყველა შესაძლო ზომას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა ეს პერსპექტივა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებსაც ჰქონდეთ“, – განაცხადა მან. 

თამარ ბერუჩაშვილმა, რომელიც დღეს მოგვიანებით ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება, მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას „სათანადო შეფასება მისცეს“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალური პრინციპების წინააღმდეგ მიმართულ“ ამ „უკანონო ნაბიჯს“. 

„ამ ე.წ. ხელშეკრულებას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და შესაბამისად მას არასდროს არ სცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა; მიუხედავად ამისა, ჩვენ მოუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს დაგმონ კიდევ ერთხელ ეს ქმედება“, – განაცხადა მან.

ბერუჩაშვილის თქმით, ამ დრომდე განხორციელებული საერთაშორისო აქტივობების კვალდაკვალ, საქართველო ე.წ. ხელშეკრულების საკითხს კვლავაც „მწვავედ“ დასვამს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კერძოდ, მისი ინფორმაციით,  საქართველომ უკვე მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა და ასევე ეუთოში სპეციალური მუდმივი საბჭოს სხდომის ჩატარება ამ საკითხზე.