საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” რუსეთის პრეზიდენტს და აფხაზეთის ლიდერს შორის 24 ნოემბერს გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება წარმოადგენს "ახალ გამოწვევას" საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის, რასაც სჭირდება ერთობლივი პასუხის გაცემა „ანტიანექსიური“ ნაბიჯების დაგეგმვის კუთხით.
„რუსეთის ანექსისტურ პოლიტიკას, რომელიც ვრცელდება როგორც საქართველოზე, ისე პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა“, – განაცხადა მან თავის სატელევიზიო გამოსვლაში.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი სირთულეს უქმნის სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში, „ჩიხში შეყავს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი“ და „დაუძლეველი პრობლემების წინაშე აყენებს აფხაზობას“, მის „იდენტობას და კულტურულ მომავალს“.
„მე მინდა ასევე ვთხოვო კათოლიკოს-პატრიარქს და ყველა კონფესიის წარმომადგენელს საქართველოში, რომ გამოიყენონ ყველა ძალისხმევა და მათ ხელს არსებული რესურსი, რათა არ დაუშვან მცირერიცხოვანი ერების ასიმილაცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 24 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში.
მისი თქმით, „დღეს ჩვენ გვჭირდება ერთობლიობა, სიმტკიცე და გონიერება“, რათა ყველა საშინაო და საგარეო რესურსის „კონსოლიდაცია“ მოხდეს იმისათვის, რომ „წინ აღვუდგეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმოებულ მეტად საშიშ პოლიტიკას“.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას გადაუდებლად მიაჩნია საერთაშორისო ტრიბუნების აქტიური გამოყენება, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა, სადაც „ადეკვატური“ შეფასება უნდა მიეცეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს.
„ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ძალების, საზოგადოების, მათ შორის ჩვენი დევნილი მოსახლობის აქტიური ჩაბმულობით მოხდეს ერთიანი შეთანხმებული ხედვის ჩამოყალიბება, თუ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისათვის დღეს, დასავლური ინტეგრაციის პირობებში“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელმაც თავის სატელევიზიო გამოსვლაშიც გამოთქვა სურვილი ფართო ჩართულობით ამ თემაზე დისკუსიების დაწყების თაობაზე.
„ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ საფრთხის ირგვლივ და მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანაში არის რესურსი, რომ იქნას დაძლეული ეს ურთულესი ვითარება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)