Site icon Civil.ge

აშშ არ აღიარებს მოსკოვსა და სოხუმს შორის ‘ე.წ. ხელშეკრულების კანონიერებას’

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული რომელიმე ე.წ. ხელშეკრულების კანონიერებას“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 24 ნოემბერს სოჭში ხელი მოაწერეს „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულებას, რომელიც თბილისმა დაგმო, როგორც რუსეთის მიერ მისი სეპარატისტული რეგიონის „ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი“.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ–ის პოზიცია სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში „ნათელი რჩება: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უარი თქვას საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ მიწოდებას შეუწყოს ხელი“, – ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს. ესაა საშუალება, მივაღწიოთ ხელშესახებ წინსვლას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ხასიათის ისეთ საკითხებში, რაც გავლენას ახდენს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ საზოგადოებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)