Site icon Civil.ge

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმეს საიდუმლო გრიფი ნაწილობრივ მოეხსნა

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმის მასალების უმეტესობას გრიფი საიდუმლო მოეხსნა, ხოლო 7% კვლავ საიდუმლოდ რჩება, განაცხადა მთავარმა პროკურატურამ 25 ნოემბერს.

თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი 28 ოქტომბერს დააკავეს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის საქმეზე 4.1 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. დაკავებულები, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, უარყოფენ ბრალდებებს. მათი დაცვის მხარეს საქმის მასალები ამ დრომდე იმ მოტივით არ გადასცემია, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი ედო გამომდინარე იქიდან, რომ ამ შესყიდვებს თავად თავდაცვის სამინისტრომ მიანიჭა საიდუმლო გრიფი. პროკურატურა აცხადებდა, რომ ადვოკატებს შეუქმნა პირობები, რათა საქმის მასალებს სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ოთახში გაცნობოდნენ, თუმცა დაცვის მხარის განცხადებით, ამ პირობებში საქმის სრულყოფილად შესწავლა შეუძლებელი იქნებოდა. 

მაღალჩინოსნების დაკავებისთანავე თავდაცვის სამინისტრომ, რომელსაც მაშინ ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა, საქმეზე გრიფი საიდუმლოს დაუყოვნებლივ მოხსნა მოითხოვა, რათა გამოძიებისა და სასამართლო პროცესები გამჭირვალედ წარმართულიყო. ალასანიამ, რომელმაც მისი უწყების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და განაცხადა, რომ მისი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო, არაერთხელ მოითხოვა საქმის მასალების გასაჯაროება მას შემდეგაც, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა და შედეგად მისი პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციაში გადავიდა.  

თუმცა საქმის ნაწილობრივ გასაჯაროებას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდა. საქმეზე წინასასამართლო მოსმენა 11 დეკემბრისთვის არის ჩანიშნული.

პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმის მასალების განსაიდუმლოებული ნაწილი ადვოკატებს გადაეცემათ, ხოლო სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლოდ დარჩენილი მასალების 7%-ის გაცნობას ისინი სპეციალური პროცედურების დაცვით შეძლებენ.