ლატვიას სურს, რომ რიგაში მაისის ბოლოს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოს ევროპაში „უფრო ახლო ინტეგრაციის“ „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი“ გახდეს, განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა 26 ნოემბერს თბილისში თავის ქართველ კოლეგასთან თამარ ბერუაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას რინკევიჩსმა, რომელიც საქართველოში ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერჟინსს ახლავს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზოგიერთი ის მიზნები გააჟღერა, რომელთა მიღწევასაც ლატვია 2015 წლის 21–22 მაისს დაგეგმილ რიგის სამიტზე გეგმავს.
„პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ საქართველოს პროგრესი აღიარებული უნდა იქნას რიგაში“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარე გახდება მომავალი წლის პირველი ნახევარში როტაციის წესით.
„ვხედავთ, რომ საქართველომ უზარმაზარი ძალისხმევა განახორციელა რეფორმების თვალსაზრისით. ასევე არსებობს ზოგიერთი სფეროები, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს – ესაა სასამართლო სისტემა“, – განაცხადა მან.
„საჭიროა, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორების დიფერენციაცია მოვახდინოთ და აშკარაა, რომ საქართველო და მოლდოვა აღმოსავლეთ პარტნიორობაში ლიდერები არიან; მიგვაჩნია, რომ რიგის სამიტზე უნდა განისაზღვროს საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირთან ამ ორი ქვეყნის უფრო ღრმა და ფართო თანამშრომლობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა რინკევიჩსმა.
მან განაცხადა, რომ საგზაო რუკა უნდა მოიცავდეს ევროკავშირის მეტ ძალისხმევას საქართველოს დახმარების კუთხით, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კონტექსტში, კერძოდ კი ამ შეთანხმების იმ ნაწილისა, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას ეხება.
რინკევიჩსმა ასევე განაცხადა, რომ ლატვიას სურს, რომ ჰქონდეს „არსებითი დახმარების პაკეტი, ასევე საგზაო რუკა“ უკრაინისთვის და „ძალიან მოქნილი ურთიერთობები“ აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ სამ წევრ ქვეყანასთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელარუსთან.
„მეორე, ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ რიგის სამიტი იყოს ვიზების ლიბერალიზაციის სამიტი იმ ქვეყნებთან, რომლებიც ასრულებენ ჩვენ [ევროკავშირის] კრიტერიუმებს“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ევროკავშირმა განაცხადა ოქტომბრის ბოლოს, რომ საქართველომ შეასრულა ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის პირველი ფაზის მოთხოვნები, რაც მეორე ფაზის დაწყებას განაპირობებს. პირველი ფაზის ამოცანები მოიცავდა პოლიტიკური ჩარჩოს, რაც ასევე გულისხმობდა შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, ხოლო მეორე ფაზის ამოცანებია კანონმდებლობის პრაქტიკული აღსრულება. ახლა საქართველოს სურვილია, რომ რიგის სამიტისთვის დადებითი შეფასება მიიღოს ევროკავშირისგან მეორე ფაზის ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით.
„თუ ყველა საკითხი გადაწყდება და [ევროპის] კომისიის დადებითი დასკვნა იქნება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ რიგის სამიტი გახდეს სამიტი, სადაც ამოქმედდება ვიზების ლიბერალიზაციის პროგრამა საქართველოსთან, და იმედია, უკრაინასთანაც; ასევე ძალიან გვინდა, რომ იგივე მოხდეს ბელარუსთან მიმართებაშიც – რა თქმა უნდა, ბელარუსმა მოსამზადებელი სამუშაოები ცოტა გვიან დაიწყო, თუმცა, ისინი დიდ პროგრესს აღწევენ“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„ასევე ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ თანამშრომლობის გაფართოებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა, ასევე ენერგო პოლიტიკა“, – განაცხადა რინკევიჩსმა.
„მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს მეგობრებთან საქართველოში, რათა რიგის სამიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გახდეს საქართველოს უფრო ახლო თანამშრომლობის, უფრო ახლო ინტეგრაციის ევრო–ატლანტიკურ თანამეგობრობაში“, – განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან მიმდინარეობს სამიტისთვის მოსამზადებელი პროცესი, ლატვია ღიაა წინადადებებისთვის საქართველოდან.
ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერჟინსმა, რომელიც 26 ნოემბერს თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, განაცხადა, რომ ლატვიის თავმჯდომარეობის ერთ–ერთი „მთავარი პრიორიტეტი“ აღმოსავლეთ პარტნიორობა იქნება.
„ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი, რომელიც მომავალ წელსაა დაგეგმილი, შეძლებს, რომ ხაზი გაუსვას საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების კუთხით“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტ ბერჟინსს თან ახლავს შვიდი მინისტრი და ბიზნეს საზოგადოების 70–ზე მეტი წარმომადგენელი, რომელთაც 26 ნოემბერს თბილისში ლატვია–საქართველოს ერთობლივ ბიზნეს ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ბიზნეს ფორუმი ასევე გაიმართება ბათუმში, რომელსაც საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები 27 ნოემბერს ეწვევიან.
„ჩვენი ვიზიტის ერთ–ერთი მთავარი მიზანია [საქართველოსთან] ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და გაღრმავება. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი შესაძლოა გახდეს შემობრუნების მომენტი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბერჟინსმა.
თბილისში ლატვიის პრეზიდენტი ასევე შეხვდა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს.
თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა ბერჟინსმა განაცხადა, რომ განხილულ საკითხებს შორის რეგიონალური უსაფრთხოებაც იყო.
მან განაცხადა, რომ რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ „უარყოფითად იმოქმედებს რეგიონალურ სტაბილურობაზე“.
თუმცა, ლატვიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა: „ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, თუ როგორ მოვახდინოთ ჩვენ მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების სტაბილიზაცია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ [ურთიერთობების] სტაბილიზაციისთვის, რათა გვქონდეს გრძელვადიანი მშვიდობიანი და სტაბილური ურთიერთობები; ამას დრო დასჭირდება“.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არ უნდა დაისაჯონ თავიანთი თავისუფალი არჩევანის გამო. მისი თქმით, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას არჩევანი დაცული უნდა იყოს.