Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გამო საპარლამენტო უმრავლესობას მადლობას უხდის

პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების კოალიციის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საპარლამენტო უმრავლესობას მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გამო, რის შედეგადაც დაკანონდა მთავრობის მიერ მხარდაჭერილი რეგულაციები, რომელიც შსს-ის ფარულ მიყურადებაზე პირდაპირი წვდომის ბერკეტს უტოვებს.  

„კვირას, ორი დღის წინ მოხდა უპრეცედენტო რამ, კერძოდ, საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ – ჩვენ ვნახეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტის ვეტო; მე მინდა  დიდი მადლობა გადავუხადო დეპუტატებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა 2 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე საუბრისას. 

„მართლაც ძალიან კარგი დემონსტრირება იყო იმისა, რომ დღეს საქართველოში არის აბსოლუტურად სრული დემოკრატია და ეს არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. მე მინდა ამაში კიდევ ერთხელ აღვნიშნო საპარლამენტო უმრავლესობის ძალიან დიდი წვლილი  და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკაში“, – განაცხადა მან თავის მოკლე განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში ვეტოს უფლება ოქტომბრისა და ნოემბრის ბოლოს ორჯერ  გამოიყენა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტების მიმართ. პირველ ჯერზე, პარლამენტს მისი შენიშვნების გათვალისწინება მოუხდა და ახალი რეგულაციების მიღების ვადები შეამჭიდროვა, თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მიღებული რეგულაციების შინაარსი დაიწუნა, პარლამენტმა მისი ვეტო დაძლია ქართული ოცნების უმრავლესობაში შემავალი ერთის გარდა ყველა ფრაქციის მხარდაჭერით; ვეტოს დაძლევას უმრავლესობის წევრმა ფრაქცია რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირა.

2012 წლის მოწვევის პარლამენტისთვის, რომელშიც უმრავლესობას ქართული ოცნება შეადგენს, ეს ვეტოს დაძლევის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 2013 წლის განმავლობაში, როცა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ბოლო წელი იყო,  ქართული ოცნების უმრავლესობამ მაშინდელი პრეზიდენტის მიერ ათზე მეტ საკანონმდებლო ინიციატივაზე დადებული ვეტო დაძლია.

თუმცა პრეზიდენტისთვის ვეტოს უფლების შეზღუდვაზე საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გამოიყენა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული ეს უფლება. 

უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ იმ ფონზე, როცა პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით ჩამორთმეული აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ვეტოს დადების შემთხვევაში, ის ფაქტიურად ამ უფლებით სარგებლობს, ვინაიდან დაწუნებული კანონპროექტის ნაცვლად, მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს სთავაზობს პარლამენტს გასაზიარებლად, რაც მისი თქმით, გადასახედია. ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არა საკუთარი მიზანშეწონილობით, არამედ მაშინ უნდა იყენებდეს, როცა ჩათვლის, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. ამ საუბრებს ჯერ-ჯერობით კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა არ მოყოლია.

ვეტოს უფლება პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული. მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი, როდესაც ჩათვლის საჭიროდ, კვლავაც გამოიყენებს ამ უფლებას.