ნატო საქართველოსთან ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს ალიანსის ინსტრუქტორებით დაეხმარება, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში 2 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
ნატოს შტაბბინაში გამართულმა საგარეო საქმეთა მინისტერიალმა სექტემბერში უელსის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილებების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესზე იმსჯელა, რომელიც ასევე მოიცავს გაფართოებული თანამშრომლობის პაკეტს საქართველოსთან და რაც სხვა საკითხებთან ერთად ასევე ითვალისწინებს საქართველოში საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებას. ნატოს ერთდღიან მინისტერიალზე განიხილეს უკრაინისა და ასევე ავღანეთის ახალი „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიის საკითხებიც.
„დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ დავეხმაროთ პარტნიორ ქვეყნებს, რათა თავიანთი უსაფრთხოების სექტორები უფრო ეფექტური და გამჭირვალე გახადონ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, იორდანიასთან და მოლდოვას რესპუბლიკასთან ამ საკითხზე, მათ თხოვნებსა და მათ საჭიროებებზე დაყრდნობით. მაგალითად, ჩვენ გავაგზავნით ექსპერტებს ნატოს მოკავშირე ქვეყნებიდან [ამ ქვეყნებში], რათა რჩევები მივცეთ მათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა წვრთნა და თავდაცვის რეფორმა, ასევე ნატოს ინსტრუქტორებით დავეხმარებით ახალ საქართველო–ნატოს საწვრთნელ ცენტრს“, – განაცხადა მან.
17 ნოემბერს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ცენტრი „დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოსთან თანამშრომლობის უნარების გაძლიერებაში და მოამზადებს საქართველოსა და სხვა პარტნიორებს, რათა მათ წვლილი შეიტანონ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში“.
2 დეკემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას სტოლტენბერგმა გაიმეორა რუსეთთან მიმართებაში, რომ „არც ერთ მესამე ქვეყანას არ შეუძლია ვეტო დაადოს ან შეაჩეროს პარტნიორობა ნატოსა და სუვერენულ სახელმწიფოს შორის, როგორიც საქართველოა“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, რომელიც ნატოს შტაბბინას სტუმრობს, განაცხადა 2 დეკემბერს, რომ კოლეგებთან მისი შეხვედრების მთავარი თემა ნატოსთან იმ გაფართოებული თანამშრომლობის პაკეტის განხორციელებაა, რომელიც ალიანსმა საქართველოს უელსის სამიტზე შესთავაზა. ბერუჩაშვილი ბრიუსელში თავის კოლეგებს შეხვდა ბულგარეთიდან, ბელგიიდან, პორტუგალიიდან, ლიტვიდან, ისლანდიიდან და სლოვაკეთიდან.
იგი ასევე შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაის, რომელიც მიმდინარე კვირას თბილისს ესტუმრება. ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ 3 დეკემბერს იგი ნატოს გენერალურ მდივანსაც შეხვდება.