საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ახალ მთავრობაში ყოფილი ქართველი მინისტრის დანიშვნაში „მისასალმებელი ნამდვილად არაფერი არ არის“, მაგრამ ეს არის უკრაინის „სუვერენული უფლება“, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ იმუშაოს უკრაინასთან ურთიერთობების „გაძლიერებასა“ და „გააქტიურებაზე“.
„ვთხოვდი ყველას, რომ არ ატეხოს აჟიოტაჟი ამ თემებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ საქართველოს და უკრაინის ურთიერთობა, ამ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა, განსაკუთრებით, ახალი გამოწვევების ფონზე რეგიონში, ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ერთი თუ ორი მინისტრის დანიშვნა“, – განუცხადა ბერუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში.
უკრაინის ახალ მთავრობაში სხვა ორ უცხოელთან ერთად 2 დეკემბერს უკრაინის რადამ ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილი დაამტკიცა, რომელსაც ანალოგიური პოსტი ორი წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს ყოფილ ხელისუფლებაში.
საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი ყოფილი წარმომადგენელი ეკა ზღულაძე, რომელსაც 2006–2012 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, შესაძლოა უკრაინაში ამავე პოსტზე დაინიშნოს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პოლიტიკური ბლოკის წარდგინების საფუძველზე.
ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის უკრაინის მთავრობაში შესაძლო დანიშვნის თაობაზე – ორივე მათგანს საქართველოში ბრალი აქვთ წაყენებული და იძებნებიან. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან უარი თავად განაცხადა შემოთავაზებაზე, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი დაეკავებინა.
ოფიციალურმა პირებმა თბილისში გააფრთხილეს, რომ საქართველოს ხელისუფლების იმ ყოფილი წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში, რომლებზეც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უარყოფით შედეგებს მოუტანდა ორმხრივ ურთიერთობებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ „მისასალმებელი ნამდვილად არაფერი არ არის“.
„პირადად შემიძლია ვთქვა, რომ არ მახსოვს რაიმე განსაკუთრებული მიღწევები იმ პერსონებისა, რომლებიც დაინიშნენ ამ პოსტზე, მაგრამ ეს არის ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლება მოახდინოს იმ მთავრობის ფორმირება და იმ შემადგენლობით, როგორც მას ჩათვლის საჭიროდ“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
„რასაკვირველია დასკვნები უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამასთან ერთად, ვიმუშაოთ მომავალზე“, – განაცხადა მან და და დასძინა, რომ ეს გულისხმობს უკრაინასთან ყველა მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურებას.
„მითუმეტეს ევროპული კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა და ჩვენ უკვე გვაქვს დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი სამმხრივ დონეზე“ უკრაინას საქართველოსა და მოლდოვას შორის რიგის 2015 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების კუთხით.
„ჩვენი ამოცანაა ვიმუშაოთ მომავალზე, ჩვენი ამოცანაა გავაძლიეროთ, გავამდიდროთ, გავააქტიუროთ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები. ამის შესაძლებლობები არის, მუშაობა დაწყებულია და დარწმუნებული ვარ გვექნება კარგი რეზულტატებიც“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან უარყო გავრცელებული სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ უკრაინაში მიღებული საკადრო გადაწყვეტილებების გამო საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება ტოვებს თავის პოსტს.
„საქართველოს ელჩი უკრაინაში არის ადგილზე… ის მუშაობს აქტიურად პრემიერის ვიზიტზე, რომელიც დაგეგმილია მომავალი წლის დასაწყისში", – განუცხადა ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ "მანამდე იქნება რამდენიმე მინისტრის ვიზიტი უკრაინაში".