Site icon Civil.ge

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთს სტუმრობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვარშავაში იმყოფება, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები პოლონელ კოლეგასთან ბრონისლავ კომოროვსკისთან და სეიმის მარშალთან რადოსლავ შიკორსკისთან. 

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 5 დეკემბრამდე გასტანს, მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ვარშავის უნივერსიტეტში საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების პატრონაჟით მოწვეულ საერთაშორისო კონფერენციაში და პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სიტყვით წარდგება თემაზე „საქართველო – ევროპის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს  შორის“, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გიორგი მარგველაშვილს პოლონეთში თან ახლავს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, რომელიც თავის პოლონელ კოლეგას სტანისლავ კოჟეის შეხვდება და გააფორმებს უწყებათაშორის ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლს, რომელიც მოიცავს რეგულარულ კონსულტაციებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ორმხრივ თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინეგრაციის საკითხებზე, რეგიონალური უსაფრთხოების თემებზე, ასევე  ორმხრივ სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასა და სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში გამოცდილების გაზიარებაზე.