Site icon Civil.ge

აპატურაიმ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნატოს პაკეტის განხორციელებაზე იმსჯელეს

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ალიანსის მიერ უელსის სამიტზე საქართველოსთვის შეთავაზებული არსებითი პაკეტის განხორციელება „კარგად მიდის“.

აპატურაი 4 დეკემბერს თბილისში პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს, სახელმწიფო მინისტრს ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა.

ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას აპატურაიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მისი განხილვების მთავარი საკითხი გაფართოებული თანამშრომლობის პაკეტის განხორციელება იყო, რაც ქვეყანას ნატოს წევრობისთვის მომზადებაში დაეხმარება.

„შემიძლია გითხრათ, რომ ის [პაკეტის განხორციელება] კარგად მიდის ქართული მხრიდან და ნატოს მხრიდან“, – განაცხადა მან.

ამ პაკეტის ელემენტები მოიცავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდაში დახმარებას ინსტრუქტორების, ერთობლივი წვრთნების და საქართველოში ერთობლივი ნატო–საქართველოს საწვრთნელი ცენტრის შექმნის მეშვეობით. 

„იქნება ბევრად მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში“, – განაცხადა აპატურაიმ.

„მივესალმებით იმ ტემპს, რომლითაც საქართველო მუშაობს ამ ახალი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მომზადებაზე“, – განაცხადა აპატურაიმ და დასძინა, რომ ნატოს ექსპერტები თავდაცვითი დაგეგმარების საკითხებში უკვე საქართველოში იმყოფებიან და მჭიდროდ მუშაობენ ქართველ კოლეგებთან ამ საკითხზე.

მისი თქმით, ახლა უნდა განისაზღვროს, თუ რა ტიპის წვრთნა უნდა განხორციელდეს, რა სახის და რა ზომის სამხედრო შენაერთებმა უნდა გაიარონ მომზადება ცენტრში და როგორ მოხდება ამის ინტეგრირება საქართველოს მოთხოვნებთან და სხვა მის პარტნიორულ საქმიანობასთან. 

ამ კითხვებზე პასუხი, აპატურაის თქმით, დაეხმარება საქართველოს, რომ ამ ცენტრისთვის საუკეთესო ადგილმდებარეობა გამონახოს. „მე ვიცი, რომ ცოტა ვარიანტი არსებობს,“ – დასძინა მან.

თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, რომ იგი იმედოვნებს, რომ პაკეტის განხორციელების გეგმა საბოლოოდ ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე დამტკიცდება, რომელიც თებერვალში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს იგეგმება.

„ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ის გეგმა, რომელიც მიმართულია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გაძლიერებისკენ, აუცილებლად განვახორციელოთ“, – განაცხადა ჯანელიძემ. 
 
აპატურაიმ განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფოკუსირებულია, რომ ეს პაკეტი განახორციელოს.

როდესაც აპატურაის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ელმარ ბროკის განცხადების თაობაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, ნატომ თავისი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება და „არ არის დრო“ უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს წევრობის საკითხის განხილვისთვის, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა უპასუხა, რომ მოლდოვა ნეიტრალური სახელმწიფოა და ნატოს წევრობის საკითხი იქ არ დგას, ხოლო უკრაინის ხელმძღვანელობა რეფორმებზე ამახვილებს ყურადღებას; რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება კვლავ ძალაში რჩება, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ალიანსის წევრი, როგორც კი ყველა საჭირო კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.

აპატურაიმ განაცხადა, რომ თავისი „კონკრეტული ნაბიჯებით“ პაკეტი „მკაფიოდ“ მიმართულია იმისკენ, რომ დაეხმაროს საქართველოს ნატოს წევრობის გზაზე. მისი თქმით, ახლა მთელი ყურადღება მიმართულია პაკეტის განხორციელებისკენ, რაც ასევე დაეხმარება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესრულებას.

„ამრიგად, ამ კონტექსტში ბატონი ბროკი მართალია – ახლა საქმე არ ეხება წევრობის განხილვას, საქმე ეხება განხორციელების განხილვას, რაც საქართველოს წევრობისთვის მომზადებაში დაეხმარება“, – განაცხადა აპატურაიმ.

რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულებაზე კომენტირებისას აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატო იზიარებს საქართველოს შეფასებას ამ ე.წ. ხელშეკრულების შესახებ.

„ჩვენ მართლაც ვუყურებთ ამას, როგორც რუსეთის მიერ რეგიონის გაკონტროლებისკენ გადადგმულ ახალ მნიშვნელოვან ნაბიჯს“, – განაცხადა აპატურაიმ.

კითხვაზე მიაჩნია, თუ არა მას ეს საქართველოსთვის დაბრკოლებად ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე, აპატურაიმ უპასუხა: „არა“.

„ეს გართულება უკვე არსებობდა, როდესაც ბოლო სამიტზე [უელსში სექტემბერში] მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, – განაცხადა აპატურაიმ.

‘წუხილები პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოების აღქმის შესახებ’

როდესაც მას ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ბრალდებების შესახებ ჰკითხეს, რომლის თქმითაც, თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლების დაპატიმრება მის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკურად მოტივირებული კამპანიის ნაწილი იყო, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა უპასუხა, რომ საქართველომ თავიდან უნდა აიცილოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოების აღქმაც კი.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოების აღქმის გამო“, – განაცხადა მან და ასევე აღნიშნა, რომ ის ცალკეულ საქმეებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოების რეალობა და უფრო მეტიც, მისი აღქმა“, – განაცხადა აპატურაიმ.

„თუ ამგვარი აღქმა ფართოდ გავრცელდება და ღრმად გაიდგამს ფესვებს ნატოს დედაქალაქებში, ის შესაძლოა დაბრკოლებად იქცეს ნატოს წევრობისკენ საქართველოს გზაზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ  საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად გამჭირვალე იყოს.

დემოკრატიული რეფორმები, ასევე რეფორმები სასამართლო სისტემაში იქნა განხილული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე, განაცხადა აპატურაიმ.

„სპიკერს ძალიან მკაფიო და, ვფიქრობ, ძალიან კონსტრუქციული იდეები აქვს იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოს ეროვნული კონსენსუსი ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, და ასევე რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში და სხვა შიდა სახელმწიფო პროცედურები“, – განაცხადა აპატურაიმ.

„ის [უსუფაშვილი] ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს [მმართველი] კოალიციაში, თუმცა ვფიქრობთ ასევე გაცილებით უფრო ფართო საზოგადოებაშიც იმ თვალსაზრისით, რომ ხელს უწყობს კონსენსუსს და მხარეთა ერთმანეთთან დაკავშირებას“, – განაცხადა აპატურაიმ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)