Site icon Civil.ge

შემოსავლების სამსახურის უფროსი იცვლება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი გვარამაძემ თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად ამ პოსტზე ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი ინიშნება.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ნოდარ ხადურმა უკვე წარუდგინა მისი პირველი მოადგილე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დასამტკიცებლად, რომელიც დანიშვნის შემთხვევაში, ასევე შეინარჩუნებს მოადგილის თანამდებობას, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან უკავია. 

შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი გვარამაძე, რომელმაც ამ თანამდებობაზე 2014 წლის  თებერვლის შემდეგ იმსახურა, მუშაობას სამინისტროს ცენტრალურ  აპარატში გააგრძელებს, იტყობინება ფინანსთა სამინისტრო საკადრო ცვლილების მიზეზების დასახელების გარეშე.

შემოსავლების სამსახური ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოა, რომელიც საგადასახადო და საბაჟო მომსახურებას უზრუნველყოფს.