პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის გახანგრძლივებას.
დეპუტატებმა 85 ხმით 1-ის წინააღმდეგ დააკმაყოფილეს პრეზიდენტის თხოვნა, რომ ორმა ქართულმა ოცეულმა მისია 2015 წლის აპრილამდე შეასრულოს.
ქართული ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში ივნისიდან განთავსდა ფრანგული სარდლობის ქვეშ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საქართველო ევროკავშირის სამხედრო მისიაში ჩაერთო საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში მას შემდეგ, რაც 2013 წლის ნოემბერში ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში თბილისის მონაწილეობის შესახებ.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა 11 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ მისია 2014 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, „თუმცაღა ვერ მოხერხდა ეს და ევროკავშირმა მოგვმართა თხოვნით, რომ საქართველოს კონტიგენტს გაეგრძელებინა ყოფნა“. მისი თქმით, ლოჯისტიკურ დანახარჯებს თავის თავზე ევროკავშირი იღებს.
რამდენიმე დღის წინ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული გაემგზავრა და როტაციის წესით ბათუმის ქვეითი ბატალიონის ასეული ჩაანაცვლა, რომელიც ბანგიში უსაფრთხოების ღონისძიებებს, მათ შორის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის პატრულირებას ივნისიდან ახორციელებდა.
გახანგრძლივებულ სამხედრო მისიას, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბანგიში გამგზავრებული ახალი ნაკადი დაასრულებს.