პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატიდან არცერთს არ დაუჭირა მხარი 11 დეკემბრის კენჭისყრაზე.
ღია კონკურსის გზით შერჩეულ ზურაბ ხრიკაძეს 38-მა დეპუტატმა, ხოლო მეორე კანდიდატს, ლევან ტურაშვილს 32-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი ცესკოს წევრად არჩევისთვის.
ამ კანდიდატებს არც იურიდიულმა კომიტეტმა დაუჭირა მხარი, თუმცა რესპუბლიკელმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც ამ კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ორივე კანდიდატმა საარჩევნო საკითხების ცოდნის კუთხით მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტს ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენის უფლება აქვს; მას ასევე შეუძლია, რომ კონკურსში მონაწილე სხვა ორი კანდიდატი წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
ცესკოს წევრისგან განსხვავებით, პარლამენტმა 90 ხმით აირჩია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ნიკოლოზ ყაველაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელიც ასევე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეარჩია წარსადგენად.