Site icon Civil.ge

საქართველოს და სომხეთის პრემიერ–მინისტრების შეხვედრა თბილისში

სომხეთის გადაწყვეტილება ევრაზიული კავშირში გაწევრიანების თაობაზე არ იმოქმედებს თბილისსა და ერევანს შორის ორმხრივ  ურთიერთობებზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 11 დეკემბერს თბილისში თავის სომეხ კოლეგასთან ჰოვიკ აბრაჰამიანთან შეხვედრის შემდეგ. 

„მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი გახდება იანვრიდან ევრაზიული კავშირის წევრი და ჩვენ, საქართველომ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ჩვენს შორის ურთიერთობებს ეს არ შეეხება. პირიქით, ჩვენ ამას გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი ინტერსებისთვის“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ორ ქვეყანას შორის მოქმედი  სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნებას და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, რომელიც სომხეთს 2014 წლის აგვისტოში სტუმრობდა.  

ღარიბაშვილმა, რომელმაც თავის სომეხ კოლეგას „ჩემი მეგობარი“ უწოდა, ასევე აღნიშნა, რომ  „შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის, როგორც ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებობს ურყევი ნება  და მისწრაფება, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთობები და გავაგრძელოთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“.

სომხეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მას „თბილი და მეგობრული“ შეხვედრა ჰქონდა თავის ქართველ კოლეგასთან.

პრემიერ–მინისტრმა აბრაჰამიანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მათ ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო–გამშვები პუნქტების მოდერნიზაციის, მათ შორის საზღვარზე ახალი ხიდის მშენებლობის, ასევე ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილეს.

სომხეთის პრემიერ–მინისტრმა რუსეთსა და საქართველოს შორის ყაზბეგი–ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის სტაბილური მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი; ამჟამად ეს სომხეთისთვის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი  სახმელეთო გზაა. დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ეს სასაზღვრო–გამშვები პუნქტი წელს უკვე ორჯერ დაიხურა.

სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ასევე აღნიშნა დაგეგმილი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მნიშვნელობაც, რომელიც სომხეთის ელექტრო სისტემას საქართველოსას დაუკავშირებს. ამ პროექტისთვის დაფინანსება გერმანიის განვითარების ბანკმა, ევროპის საინვესტიციო ბანკმა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა სამეზობლო ინვესტირების ფონდმა გამოყვეს.   

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ–მინისტრი 12 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.