პარლამენტმა 82 ხმით 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი 12 დეკემბერს დაამტკიცა, რომლის შემოსავლებიც 8.09 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 8 მლრდ ლარს შეადგენს.
ორივე ეს მაჩვენებელი აღემატება 2014 წლის ბიუჯეტის ანალოგიურ მონაცემებს – წელს შემოსავლების სახით 7.319 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, ხოლო ხარჯების პროგნოზი 7.539 მლრდ ლარს შეადგენს.
- 2015 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი
- მთავრობამ პარლამენტს 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი წარუდგინა
მთავრობა მომავალი წლისთვის კვალავაც 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მთლიან შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-იანი ზრდაა დაგეგმილი 2014 წელსაც – წინასწარი მონაცემებით, პირველი ათი თვის განმავლობაში ეკონომიკის 5.6%-იანი ზრდა ფიქსირდება.
ამასთან, მომავალ წელს, როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიუჯეტის წარდგენის დროს დეპუტატებს განუცხადა, სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში 37.2%-ზე დაფიქსირდება. მისი თქმით, მომავალ წელს სახელმწიფო ვალის სახით 720 მლნ ლარს აიღებს, ხოლო 754 მლნ ლარს გაისტუმრებს.
მომავალი წლის ბიუჯეტში მთავრობა საგადასახადო შემოსავლების სახით 7.6 მლრდ ლარს გეგმავს, რაც 780 მლნ ლარით აღემატება 2014 წელს დაგეგმილ საგადასახადო შემოსავლებს.
2015 წელს გრანტების მოცულობა 215 მლნ ლარამდე იზრდება წელს დაგეგმილი 144 მლნ ლარიდან, ხოლო „სხვა შემოსავლები“ 275 მლნ ლარამდე იკლებს წლევანდელ 355 მლნ ლართან შედარებით.
ბიუჯეტის პირველ პროექტთან შედარებით 35 მლნ, ხოლო მეორე პროექტთან შედარებით 10 მლნ ლარით არის გაზრდილი ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება და მომავალ წელს 2.785 მლრდ ლარს შეადგენს, რაც უპრეცედენტოდ მაღალი ოდენობაა. ამ თანხების ლომის წილი – 2.041 მლრდ ლარი – სოციალურ დაცვასა და საპენსიო უზრუნველყოფაზე მოდის. 2015 წლის 1 სექტემბრიდან ყველა კატეგორიის ასაკით პენსიონერს 10 ლარით გაეზრდება 160 ლარამდე პენსია, რასაც 30 მლნ ლარი დასჭირდება.
ბიუჯეტის პროექტის წინამორბედ ვერსიასთან შედარებით, საბოლოო პროექტში ასევე 23.7 მლნ ლარით გაზრდილია და 638.7 მლნ ლარს შეადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება.
ბიუჯეტის დამტკიცებული პროექტის თანახმად, სამინისტროებს შორის თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 2.785 მლრდ ლარი (2014 წელს – 2.658 მლრდ ლარი);
- თავდაცვის სამინისტრო – 640 მლნ ლარი (2014 წელი – დაფინანსების თავდაპირველი გეგმა, რაც 660 მლნ ლარს შეადგენდა, შემცირდა 615.9 მლნ ლარამდე, რადგან სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ "დელტას" დაფინანსება გადატანილია ეკონომიკის სამინისტროში, ხოლო ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და ცალკე მხარჯავ დაწესებულებად ჩამოყალიბდა; 2013 წელი – თავიდან დაგეგმილი იყო 660 მლნ ლარი, თუმცა ფაქტობრივად დაიხარჯა 610.4 მლნ ლარი; 2012 წელი – 730.6 მლნ ლარი; 2011 წელი – 711 მლნ ლარი);
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – 638.7 მლნ ლარი (2014 წელი – 600 მლნ; 2013 წელი – 570 მლნ ლარი);
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 1 მლრდ ლარი (2014 წელი – 875 მლნ ლარი); - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 853.9 მლნ ლარი (2014 წელი – 754.3 მლნ ლარი);
- სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 292.9 მლნ ლარი (2014 წელი – 263.5 მლნ ლარი);
- ფინანსთა სამინისტრო – 100 მლნ ლარი (2014 წელი – 96 მლნ ლარი);
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 120 მლნ ლარი (2014 წელი – თავდაპირველად დაგეგმილი იყო 87 მლნ ლარი, თუმცა ეს გეგმა გაიზარდა 131 მლნ ლარამდე „დელტას“ დაფინანსების გამო);
- ენერგეტიკის სამინისტრო – 125 მლნ ლარი (2014 წელი – 114.6 მლნ ლარი);
- იუსტიციის სამინისტრო – 68.5 მლნ ლარი (2014 წელი – 60.5 მლნ ლარი);
- სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 155 მლნ ლარი (2014 წელი – 154 მლნ ლარი);
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 100 მლნ ლარი (2014 წელი – 90 მლნ ლარი); - კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 95 მლნ ლარი (2014 წელი- 80 მლნ ლარი);
- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 70 მლნ ლარი (2014 წელი – 53.9 მლნ ლარი);
- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – 39 მლნ ლარი (2014 წელი – 31 მლნ ლარი);
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 70 მლნ ლარი (2014 წელი – 48 მლნ ლარი);
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.35 მლნ ლარი (2014 წელი – 1.35 მლნ ლარი);
- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 3.1 მლნ ლარი (2014 წელი – 2.8 მლნ ლარი);
- დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.2 მლნ ლარი (2014 წელი – 900 ათასი ლარი).
მომავალ წელს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები 60.5 მლნ ლარით დაფინანსდებიან, რაც წლევანდელთან შედარებით მილიონიანი ზრდაა და უკავშირდება ეროვნული ბიბლიოთეკის დაფინანსების მატებას.
თავდაპირველ პროექტში დაგეგმილი იყო მთავრობის სარეზერვო ფონდის 70 მლნ ლარამდე გაზრდა, თუმცა ეს მაჩვენებელი, საბოლოო ვარიანტის თანახმად, კვალავ 50 მლნ ლარიან ნიშნულზე რჩება, 2014 წლის მსგავსად. ასევე უცვლელია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსება და ის 5 მლნ ლარს შეადგენს.
ამ ფონდებისაგან განსხვავებით, გაზრდილ დაფინანსებას მიიღებენ მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციები, შესაბამისად 32.5 მლნ ლარის და 9.8 მლნ ლარის ოდენობით. 2014 წელს მთავრობის ადმინისტრაცია 20 მლნ ლარით, ხოლო პრეზიდენტის – 9 მლნ ლარით ფინანსდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების 800 ათასი ლარით გაზრდა ბიუჯეტის საბოლოოდ გადამუშავებულ პროექტში აისახა.
ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე გასაცემი ტრანსფერების საერთო რაოდენობა, პირვანდელ პროექტთან შედარებით, 4 მლნ ლარით გაიზარდა და მომავალ წელს 854 მლნ ლარს შეადგენს – ეს მონაცემი წელს 795.9 მლნ ლარია.
სახალხო დამცველის აპარატი მომავალ წელს 4 მლნ ლარით დაფინანსდება, წელს გათვალისწინებული 2.3 მლნ ლარის ნაცვლად.
გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, რომლის ბიუჯეტიც 1.45 მლნ ლარს მიაღწევს წლევანდელი 600 ათასი ლარიდან. ბიუჯეტის საბოლოო პროექტში, წინა ვერსიასთან შედარებით, ამ უწყებას მომავალი წლისთვის დამატებით 250 ათასი ლარი გამოეყო მას შემდეგ, რაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციებით ინსპექტორის ფუნქციები გაიზარდა.
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ასევე გაეზრდება დაფინანსება 40.8 მლნ ლარამდე წელს არსებული 38 მლნ ლარიდან.
მომავალ, არასაარჩევნო წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება წლევანდელთან შედარებით თითქმის 2.5-ჯერ შემცირდება და 22.5 მლნ ლარს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოს საპატრიარქოს მომავალ წელსაც 25 მლნ ლარით დააფინანსებს.
თებერვალში შექმნილი რელიგიის საკითხთა სააგენტო, რომელიც დამატებით ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსების საკითხებს კურირებს, მომავალ წელს 4.2 მლნ ლარს მიიღებს.
ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, რომელთა თქმითაც, ეს არ არის ბიუჯეტი, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციებს მოიზიდავს და სამუშაო ადგილებს შექმნის. მათივე თქმით, ბიუჯეტი იმგვარად არის დაგეგმილი, რომ ის "განწირულია შეუსრულებლობისათვის".
ბიუჯეტს მხარი არც თავისუფალმა დემოკრატებმა არ დაუჭირეს, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამოეყვნენ ქართული ოცნების მმართველ კოალიციას. თავისუფალი დემოკრატების პარლამენტო ფრაქციის ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალა, რომელიც უკვე აღარ არის წარმოდგენილი მთავრობაში და შესაბამის ბერკეტებს აღარ ფლობს, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ბიუჯეტის შესრულებაზე.