Site icon Civil.ge

სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადი მომავალი წლიდან გაიზრდება

მომავალი წლიდან დიდი ალბათობით ფასები გაიზრდება სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე, ვინაიდან ამ საქონელზე დაწესებული აქციზური გადასახადის განაკვეთები იზრდება.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების თანახმად, რომელიც პარლამენტმა 12 დეკემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა, 1 იანვრიდან ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 15 თეთრით გაიზრდება და მიაღწევს 90 თეთრს, ხოლო უფილტოზე  – 5 თეთრით და შეადგენს 25 თეთრს. ბოლოს სიგარეტზე აქციზის განაკვეთები მთავრობამ 2013 წლის სექტემბრიდან გაზარდა.

ამას გარდა, ცვლილებების მიხედვით, 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ახალი წესი, რომლის თანახმადაც, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტისთვის აქციზის განაკვეთი იქნება აქციზის ფიქსირებული გადასახადისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 5%-ის ჯამი.

ამასთან, მიღებული ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან 1 ლიტრ ლუდზე დაწესებული აქციზური გადასახადი 20 თეთრით გაიზრდება, ნაცვლად მთავრობის მიერ თავდაპირველად შემოთავაზებული 40 თეთრისა და მიაღწევს 60 თეთრს; თუმცა ყველა სხვა ალკოჰოლურ სასმელებსა და ეთილის სპირტზე არსებული აქციზური გადასახადები გაორმაგდება.

მთავრობა აქციზის გადასახადის ზრდის ხარჯზე, დაახლოებით, 100-110 მლნ ლარის მიღებას გეგმავს.