ოქროს მოპოვების სამუშაოების დაწყებას იმ უბანზე, რომელიც ზოგიერთი არქეოლოგის აზრით, მსოფლიოს ერთ–ერთ უძველეს ოქროს მაღაროს წარმოადგენს, პროტესტი მოყვა კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან; ქმედება ასევე დაგმო საქართველოს საპატრიარქომ.
საქმე ეხება საყდრისს, სადაც კომპანია RMG–ის ოქროს მოპოვების ლიცენზია გააჩნია.
13 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც წინა დღეს კულტურის სამინისტრომ კომპანიას სამუშაოების ჩატარების ნებართვა მისცა, RMG-მ იქ აფეთქებები განახორციელა და მძიმე ტექნიკაც გაგზავნა.
ეს ადგილი 2013 წლიდან მოყოლებული დავის საგანს წარმოადგენს მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრომ ის კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღო, 2014 წლის მარტში კი კომპანია RMG–ის ღია კარიერული წესით მოპოვების სამუშაოების დაწყების ნებართვა მისცა. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის დამცველების წინააღმდეგობის შედეგად, რომელთაც სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც დაუჭირეს მხარი, მათ შორის სამართლებრივი დახმარების კუთხით, RMG–ს აქამდე სამუშაოების დაწყების საშუალება არ მიეცა.
კულტურის სამინისტროს 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოში გაასაჩივრა; საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, დროებითი ზომის სახით სასამართლომ ივნისის დასაწყისში გამოსცა განკარგულება, რომ სადავო უბანზე არ განხორციელებულიყო არანაირი სამუშაოები.
იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც საყდრისში ღია კარიერული წესით მოპოვების საწინააღმდეგო კამპანიას მართავენ, მოულოდნელი აღმოჩნდა RMG-ის 13 დეკემბრის განცხადება, რომ მან სამინისტროსგან ახალი ნებართვა მიიღო სამუშაოების დასაწყებად. მათ განაცხადეს, რომ საზოგადოებას განზრახ დაუმალეს ის ფაქტი, რომ სამინისტრო ახალი ნებართვის გაცემას გეგმავდა; მათივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სასამართლოს შუალედურ გადაწყვეტილებას.
კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ მისი უწყების გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება RMG–ისთვის სამუშაოების განხორციელების თაობაზე იმიტომ იქნა მიღებული, რომ უბნის ნაწილი არქეოლოგიურად უკვე სრულად შემოწმდა. მან ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების გამო შეუძლებელი იქნებოდა არქეოლოგიური გათხრების წარმოება უბნის დარჩენილ მონაკვეთზე, რადგანაც იქ ნგრევის საშიშროება იყო.
აქტივისტების ჯგუფი, რომლებიც საყდრისში ღია კარიერული წესით მოპოვების წინააღმდეგ კამპანიას ახორციელებენ, აცხადებენ, რომ მართალია ახლად დაწყებულმა ოქროს მოპოვებითმა სამუშაოებმა უბანს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს მათ კამპანიას, რომელიც ახლა უკვე იმ თანამდებობის პირების გამოვლენაზე იქნება ფოკუსირებული, რომლებიც ამ გადაწყვეტილების უკან დგანან და ასევე აქცენტს გააკეთებს კულტურის ახალი პოლიტიკის შემუშავებაზე, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს.
„საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის აფეთქებით არაფერი სრულდება. არამედ იწყება მოძრაობა ქვეყნის კულტურის პოლიტიკის და ქვეყნის გარემოს დაცვის პოლიტიკის ფუნდამენტური შეცვლის მიზნით“, – აცხადებენ კამპანიის მონაწილეები, რომელთაც 15 დეკემბერს კულტურის სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ დაგმო ეს ფაქტი და განაცხადა საკვირაო ქადაგების დროს: „ამ დღეებში მოხდა აფეთქება და ჩვენ ვგმობთ ამას და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს აფეთქება განახორციელეს, და ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გამოძიებული იყოს ამის ჩამდენი და სათანადო სასჯელი მიიღოს“.
საქართველოს საპატრიარქომ ასევე გაავრცელა წერილობითი განცხადება 14 დეკემბერს, სადაც ნათქვამია: „როდესაც მეცნიერები, დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოება… ეწინააღმდეგებოდნენ მის დანგრევას… გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მის დანგრევაზე ნებართვა გაეცა კულტურის სამინისტროს“.
ამ ქმედებას ოპოზიციური პარტიების კრიტიკაც მოყვა.
ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა თავის Facebook-ის გვერდზე, რომ „ბარბაროსული აფეთქება“ საყდრისში „ძალიან მძიმე დარტყმაა ქართულ კულტურასა და ასევე მსოფლიო მემკვიდრეობაზე“. 2013 წელს კულტურის სამინისტროს მიერ საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტის განკარგულებით დამტკიცდა და მას მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აწერდა ხელს.
ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ასევე დაგმეს საყდრისში ოქროს მოპოვების სამუშაოების დაწყება და მას „ბარბაროსული“ აქტი უწოდეს.
ქართველი და გერმანელი მეცნიერების ჯგუფმა უბნის კვლევა 2004 წელს დაიწყო გერმანული Volkswagen Foundation–ის დაფინანსებით. არქეოლოგების თქმით, იქ ნაპოვნი არტეფაქტები აჩვენებს, რომ მაღარო ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულით თარიღდება, ზოგიერთი ნიმუშები კი, სავარაუდოდ, მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრით, რაც იმის დასტურია, რომ საყდრისი მსოფლიოს ერთ–ერთი უძველესი ოქროს მაღაროა.
კომპანია RMG–მ განაცხადა, რომ ის ბოლნისში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას დააფინანსებს, სადაც საყდრისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი არტეფაქტები განთავსდება.
კომპანია აცხადებდა, რომ მართალია საყდრისი–ყაჩაღიანი იმ ტერიტორიის მხოლოდ მცირე მონაკვეთს წარმოადგენს, რომელზეც მისი ლიცენზია ვრცელდება, თუმცა ეს ადგილი იმდენად მდიდარია ოქროს მადნით, რომ საყდრისის გარეშე კომპანიისთვის ფინანსურად არამომგებიანი იქნება ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელება. RMG–მ განაცხადა, რომ საყდრისში მოპოვებითი საქმიანობის დაწყების შეფერხების გამო, მას უკვე მოუწია სამუშაოების შემცირება, რამაც ფინანსური დანაკარგები განაპირობა.
დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი 2013 წელს 16.6%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 73.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე 27.97 მილიონი აშშ დოლარის ოქროს ექსპორტი განხორციელდა.
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მარტში, რომ შეუძლებელი იყო იმის დამტკიცება, რომ საყდრისი მსოფლიოს უძველეს ოქროს მაღაროს წარმოადგენდა. მან ასევე განაცხადა მაშინ, რომ RMG–მ 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა საქართველოში და მისი მუშაობის შეფერხება 3 000 თანამშრომელს უმუშევრად დატოვებს.