Site icon Civil.ge

ქართველი სამხედროები მაზარ-ი-შარიფში მიემგზავრებიან



მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ქართველი სამხედროები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 16 დეკემბერს მოწყობილ ავღანეთში გაცილების ცერემონიაზე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე–4 მექანიზირებული ბრიგადის სადაზვერვო ასეული ჩრდილოეთ ავღანეთში მიემგზავრება, სადაც გერმანიის სარდლობის ქვეშ ნატოს „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში იმსახურებს.

ქართული კონტინგენტი სწრაფი რეაგირების ძალების მოვალეობებს მაზარ-ი-შარიფშის სიახლოვეს მდებარე, მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე შეასრულებს.

ქართველმა სამხედროებმა განთავსების წინ მომზადება გერმანიაში Wildflecken–ის სამხედრო ბაზაზე გაიარეს.

16 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართველი სამხედროების გაცილების ცერემონიაზე საუბრისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ერთგულება ნატოს ავღანეთის მისიის მიმართ ხელს უწყობს საქართველოს მისწრაფებებს ნატოში და საქართველოს შეიარაღებული ძალების სულ უფრო მეტ თავსებადობას ალიანსთან.

ავღანეთში „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში დაახლოებით 750 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.

ქართველი სამხედროების დაახლოებით იგივე რაოდენობაა განთავსებული ISAF–ის მისიაში; ავღანეთში ქართველი სამხედროების ყველაზე დიდი რაოდენობა 1600–ს შეადგენდა.

2014 წლის 1 ნოემბერს საქართველოს 51-ე ქვეითი ბატალიონი ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სამშვიდობო მისიის შეასრულებას შეუდგა. 

ერთი ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დარჩება ამერიკული სარდლობის ქვეშ „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში.

2014 წლის ივლისში ქართველმა სამხედროებმა დაასრულეს თავიანთი ოთხწლიანი სამსახური ჰელმანდის პროვინციაში.

ISAF-ის მისიას სულ 29 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა – ყველა მათგანი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

435–ზე მეტი ქართველი სამხედრო დაიჭრა. უკანასკნელი ინციდენტის დროს, ნოემბერში 51–ე ქვეითი ბატალიონიდან სამი სამხედრო დაიჭრა ფარვანის პროვინციაში პატრულირების დროს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქების შედეგად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)