ევროკავშირმა საქართველოში თავისი სადამკვირვებლო მისია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა ქვეყანაში, სამშაბათს ორი წლით გაახანგრძლივა.
მანამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ჩვეულებრივ ერთი წლით გრძელდებოდა ხოლმე.
მისიას 200–ზე მეტი უიარაღო დამკვირვებელი ჰყავს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტას უწევენ მონიტორინგს, თუმცა სეპარატისტულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით, ევროკავშირი კონკრეტულ დახმარებას გასწევს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ 16 დეკემბერს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბიუჯეტი 18.3 მილიონ ევროს შეადგენს მისი განახლებული მანდატის პირველ წელს.