Site icon Civil.ge

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 4%–ზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4%–ზე დატოვა. ეს განაკვეთი მას შემდეგ რჩება უცვლელი, რაც თებერვალში 25 საბაზისო პუნქტით გაიზარდა.

წლიურმა ინფლაციამ ნოემბერში 2.8% შეადგინა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა 17 დეკემბერს, რომ ინფლაციური ზეწოლის მნიშვნელოვანი გაძლიერება არ არის მოსალოდნელი და არსებული პროგნოზებით ინფლაცია 5%–იან მიზნობრივ მაჩვენებელს  2015 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, მთავრობის პროგნოზით, ინფლაცია 4%–ს 2015 წლის ბოლოსთვის მიაღწევს.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ გაუარესებული გარე ფაქტორები, განსაკუთრებით საქართველოს ზოგიერთ ძირითად პარტნიორ ქვეყანაში სამეზობლოდან, მათ შორის უკრაინასა და რუსეთში, უარყოფითად მოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე.

ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის პირველ 11 თვეში ექსპორტის მხოლოდ 0.5%–იანი ზრდა დაფიქსირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ექსპორტის მაჩვენებელი აგვისტომდე იზრდებოდა, რის შემდეგაც მან კლება დაიწყო. ნოემბერში ექსპორტის მაჩვენებელი 34.9%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, „საქსტატის“ მიერ 16 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით.

ნოემბერში ფულადი გზავნილების კლების ტენდენციაც გაგრძელდა, ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირების გამო, რაც საქართველოს მთავარი წყაროა ფულადი გზავნილების კუთხით.

საზღვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა ნოემბერში 16.2%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 104.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ეროვნული ბანკის მიერ 12 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად.

ფულადი გზავნილები რუსეთიდან 30.2%–ით შემცირდა ნოემბერში და 45.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში და სექტემბერში, შესაბამისად, 15%–იანი და 7.4%–იანი კლება დაფიქსირდა წინა წლის შესაბამის თვეებთან შედარებით.

2014 წლის პირველ 11 თვეში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 1.32 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.16%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შარშან საქართველომ 1.47 მილიარდი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო, რაც 2013 წელს მშპ–ს დაახლოებით 9.1%–ს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მომდევნო სხდომას 2015 წლის თებერვალში გამართავს.