Site icon Civil.ge

პუტინი საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 18 დეკემბერს განაცხადა, რომ კრემლი მზადაა ხელი შეუწყოს თბილისის მოლაპარაკებებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და ასევე მოხარული იქნება უმასპინძლოს საქართველოს პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს მოსკოვში.

მან ეს განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც ქართული ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტმა ჰკითხა მოსაზრება კონფლიქტების მოგვარების შესახებ, საქართველოსთან ურთიერთობების პერსპექტივაზე და ასევე იმაზე, თუ რამდენად მომწიფდა ვითარება შესაძლო მაღალი დონის შეხვედრის გასამართად. 

პუტინმა უპასუხა, რომ  როგორც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილების შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებაშიც საჭიროა კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან მოლაპარაკება.
 
„მე თავის დროზე ვურჩევდი მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა გაქცეულია და იმალება – და სხვათა შორის, ჩვენ აქ არაფერ შუაში არ ვართ, ალბათ არავინ არც კი ეჭვობს ამაზე. მას სდევნის, როგორც ტილიანს აბანოში მთელი მსოფლიოს მასშტაბით… საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, არა ჩვენი ინიციატივით, ჩვენ აქ სრულად არაფერ შუაში არ ვართ; რამდენადაც მე ვიცი, სამუშაო ვიზასაც კი არ აძლევენ აშშ-ში – მე თავის დროზე ვურჩევდი, ვეუბნებოდი, რომ მიხეილ ნიკოლაევიჩ არ გააკეთო ეს, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ საბრძოლო მოქმედებები. ‘არა, არა, არავითარ შემთხვევაში’ – და დაიწყო; შედეგი ცნობილია. და ძალიან ძნელია ახლა გამოსვლა [ვითარებიდან]“, – განაცხადა პუტინმა.

„მე მესმის, რომ ეს საქართველოს, ქართველი ხალხის ტკივილია, სისხლმდენი ჭრილობა, მაგრამ 1919 წელსაც ხომ ყველამ იცის, რომ მაშინაც იქ იყო ძალიან მძიმე მოვლენები. რუსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ, საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა და აფხაზეთმა თქვა, რომ სურს რუსეთის შემადგენლობაში დარჩენა. ზუსტად იგივე იყო – იყო სადამსჯელო ოპერაცია, საბრძოლო მოქმედებები. ეს ხომ არ დავიწყებიათ; ეს ხომ ჩვენ არ მოგვიგონია“. 

„ჩვენ  ყოველთვის ყველა გვადანაშაულებს ყველა სასიკვდილო ცოდვაში, რომ ჩვენ ვიწვევთ პროვოცირებას. არაფრის პროვოცირებასაც არ ვახდენთ. უბრალოდ ასე მოხდა, საჭიროა ამ ადამიანებთან მოლაპარაკება და ჩვენ მზად ვართ, რომ ამას ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა მან.

„მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს გაფრთხილებები იგნორირებული იქნა, დაიწყო საომარი მოქმედებები“, – განაგრძო მან, „დიახ, რუსეთმა აღიარა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. საჭიროა ამ რეალობიდან გამოსვლა. შეიძლება ამ პირობებში რამის გაკეთება?  მე თქვენ გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან რთულია. მაგრამ მიუხედევად ამისა, საჭიროა პირველ ეტაპზე თუნდაც ურთიერთობების დალაგება, პირდაპირი კონტაქტების დამყარება, რაღაც პოლიტიკური დიალოგი მაინც უნდა იყოს და თავიდანვე კარიდან გაბრუნება არ უნდა მოხდეს".

„თუ ამის გაკეთება მოხერხდება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს. რასთან მიგვიყვანს ეს, ამის თქმა ახლა არ შემიძლია“, – განაცხადა პუტინმა.

საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების ნაკლებობას.

„საქართველოს შიგნით ჩვენ ძალიან ცოტა კონტაქტები გვაქვს, სამწუხაროდ. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად არ არის [კონტაქტები]. ჩვენ ვხედავთ, რომ იქ შიდა პოლიტიკური ბრძოლა არ მთავრდება. რაც თავის დროზე გვთხოვეს, ესაა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის მიწოდების ლიბერალიზაცია და ჩვენ ეს გავაკეთეთ.  და ეს გავაკეთეთ საქართველოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია რუსეთის ვაჭრობის მსოფლიოს ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებაზე  ჩვენი პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად. ეს იყო ძალიან კარგი ჟესტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ჩვენ ამ ჟესტს ბაზრის გახსნით ვუპასუხეთ. ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ“, – განაცხადა მან. 

რუსეთი ვმო-ს წევრი 2012 წლის ზაფხულში გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ მის გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა. რუსეთმა ქართული პროდუქციისთვის დაწესებული ემბარგო 2013 წელს ეტაპობრივად მოხსნა.  

შესაძლო მაღალი დონის შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა: „თუ საქართველოს ხელისუფლება შესაძლებლად მიიჩნევს, ჩვენ გაგვეხარდება საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის ხილვა მოსკოვში, პრეზიდენტისაც და პრემიერ-მინისტრისაც“. 

საქართველოს ლიდერები განცხადებების დონეზე მზადყოფნას გამოთქვამენ მაღალი დონის შეხვედრისთვის, თუმცა ამ დრომდე რაიმე კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა.