პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, თუ ეს შეხვედრა კონკრეტულ შედეგზე იქნება ორიენტირებული.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა 18 დეკემბერს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას საქართველოს და რუსეთის ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობაზე ჰკითხეს, რომ რუსეთი „მოხარული“ იქნება იხილოს საქართველოს ხელმძღვანელობა მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის, თუ თბილისი ამას შესაძლებლად მიიჩნევს.
„გვაქვს მზაობა, პრინციპულად გვაქვს ჩამოყალიბებული მზაობა, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს შაბათს სამტრედიაში პუტინის ამ განცხადების კომენტირების თხოვნის საპასუხოდ.
„მაგრამ როდის შედგება, რა ფორმატით შედგება ან როგორ შედგება, ამას სჭირდება კარგი მომზადება, კარგი გაანალიზება სჭირდება“, – განაგრძო ღარიბაშვილმა, „შეხვედრა შეხვედრისთვის, მე მიმაჩნია, რომ არასწორია. შეხვედრა უნდა იყოს მიმართული კონკრეტულ შედეგზე; ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას, რომ ასეთი შეხვედრისთვის. საქართველოს მთავრობა, რომელიც არის გადამწყვეტი და გადაწყვეტილების მიმღები, მიიღებს მონაწილეობას და პირადად მე“.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთთან ნებისმიერი მაღალი დონის მოლაპარაკებები შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს და მიზნად ისახავდეს ორმხრივ ურთიერთობებში „მთავარი პრობლემური“ საკითხების ეტაპობრივ მოგვარებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ამჟამად არანაირი მზადება არ მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზების მიზნით.