საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანაგრძნობა გამოხატა აღმოსავლეთ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის თაობაზე და აღნიშნა განცხადებაში, რომ საქართველოს „ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები“ არიან პასუხისმგებელნი მისი გარდაცვალების გამო, რადგანაც ისინი აქეზებენ ქართველებს, რომ იბრძოლონ უკრაინაში.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც „ჩუჟოის“ მეტსახელით იბრძოდა, ქალაქ სჩასტიაში 19 დეკემბერს მოკლეს.
„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში", – ნათქვამია განცხადებაში.
იგივე განცხადების თანახმად, ალექსანდრე გრიგოლაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007-2008 წლებში მსახურობდა და 2008 წლის დეკემბერში დათხოვნილ იქნა მას შემდეგ, რაც კონტრაქტი შეუწყდა.
გრიგოლაშვილის პანაშვიდი, რომელსაც საქართველოში შაბათს ღამით ან კვირას გადმოასვენებენ, შაბათს კიევის ცენტრში გაიმართა და მას საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი და ვიცე–სპიკერი გიორგი ბარამიძე და საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება დაესწრნენ.
ექს–პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა თვის დასაწყისში, რომ ბევრ ქართველ ოფიცერს სურდა უკრაინის მხარეს ბრძოლა ქვეყნის აღმოსავლეთით; დაადანაშაულა რა საქართველოს თავდაცვის უწყება პრორუსულობაში, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართველ ოფიცრებს სხვა გზა არ დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ წასულიყვნენ და სამსახური უკრაინაში განეგრძოთ, რომელიც ახლა „საქართველოს მტრის“ წინააღმდეგ იბრძვის.
თავდაცვის სამინისტრომ 7 დეკემბერს საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ექსპრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართველი ოფიცრები მზად არიან დატოვონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და სამსახური გააგრძელონ სხვა ქვეყანაში, „ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“ და ეს არის „უპასუხისმგებლო, გაუმართლებელი პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ“. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის რამდენიმე საქართველოს მოქალაქე, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, წლების წინ მსახურობდნენ ქართულ არმიაში და უკვე დიდი ხანია აქტიური სამხედროები აღარ არიან.
გასულ კვირას ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა აღმოსავლეთ უკრაინაში მომზადებული ხანგრძლივი სიუჟეტი მიუძღვნა უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ ჯარისკაცებს. სიუჟეტში „ქართული ლეგიონის“ სამ ქართველ მებრძოლთან ინტერვიუ იყო წარმოდგენილი და მათ შორის იყო 19 დეკემბერს გარდაცვლილი გრიგოლაშვილი.
გრიგოლაშვილი, დაზვერვის სპეციალისტი, აიდარის ბატალიონში მსახურობდა.
„ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს; ჩვენი ამოცანაა მათი გაწვრთნა და დახმარება დაზვერვის სფეროში… ეს იყო ჩვენი პატრიოტული სურვილი, ჩამოვედით და ვეხმარებით უკრაინელებს დამპყრობლების წინააღმდეგ“, – განუცხადა გრიგოლაშვილმა „რუსთავი 2“–ს ინტერვიუში, რომელიც ქალაქ სჩასტიას ტრაფარეტთან ჩაიწერა.
ცოტა ხნის წინ გრიგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა ასევე უკრაინის სატელევიზიო არხმა „ინტერმა“, სადაც ის ამბობს, რომ ის „უკვე თვეზე მეტია“ არის აიდარის ბატალიონთან. ინტერვიუ მაშინაა ჩაწერილი, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვიცე–სპიკერი გიორგი ბარამიძე კვირის დასაწყისში აღმოსავლეთ უკრაინას სტუმრობდა; ის უკრაინული ძალების პოზიციებს სტუმრობდა ფრონტის ხაზზე ქვეყნის აღმოსავლეთით.
ინფორმაცია უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი მოხალისეების შესახებ არ ვრცელდება, თუმცა, "რუსთავი 2"-ის სიუჟეტის თანახმად, ქართველები სხვადასხვა უკრაინულ ბატალიონებში არიან დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში, ასევე სამხრეთის სანაპირო ქალაქ მარიუპოლში.
ერთმა ქართველმა, რომელიც იდენტიფიცირებული იყო, როგორც უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური, უთხრა „რუსთავი 2“–ს, რომ ქართველები მოწინააღმდეგე მხარესაც იბრძვიან, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთმა გაგზავნა.
„სად მზადდება ეს ხალხი და როგორ მზადდება, ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს იმის, რომ გავარკვევთ აუცილებლად“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ უკრაინულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს ერთ–ერთი ქართველი, რომელიც პრორუსი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა.
ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მებრძოლების შესახებ, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 10 დეკემბერს განცხადება გააკეთა და მათ დაბრუნებისკენ მოუწოდა.