Site icon Civil.ge

ღარიბაშვილის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში ‘აზიანებს’ ურთიერთობებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან უთხრა უკრაინის ხელმძღვანელობას, რომ მათი ახლო ურთიერთობები საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მის მოკავშირეებთან, ასევე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში, აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს.

„ჩვენს მიერ ძებნილი, ინტერპოლით ძებნილი ადამიანები იქ კომფორტულად არიან მოკალათებული – უკრაინის მთავრობაში. ეს მხოლოდ საზიანო იქნება, პირიქით, მე ვფიქრობ, უკრაინის მთავრობისთვის, მათი იმიჯისთვის“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 20 დეკემბერს სამტრედიაში, სადაც ის ქართულ–ჰოლანდიური ერთობლივი საწარმოს მიერ სასათბურე მეურნეობის გახსნას დაესწრო.

„უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია; უკრაინის მთავრობას ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგრამ ამგვარი ქმედებებით, რა თქმა უნდა – მე პირადად ვესაუბრე პრეზიდენტ პოროშენკოს, ასევე პრემიერს იაცენუკს – მათ პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს, რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. 

„ჩვენს მიერ ძებნილი ადეიშვილი, რომელიც იძებნება წითელი ცირკულარით ინტერპოლის მეშვეობით, რომელიც იყო ერთ-ერთი არქიტექტორი ამ დანაშაულებრივი რეჟიმის, რომლის დროსაც გასამართლდა 300 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, ვერ ავუხსნი ქართველ ხალხს რატომ ინიშნება ჩვენი მეგობარი უკრაინის მთავრობაში“, – განაცხადა მან. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ადეიშვილი უკრაინის ანტი–კორუფციული საბჭოს ხელმძღვანელის შესაძლო კანდიდატურად განიხილება.

პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ იგივე ეხება ეკა ზღულაძეს, რომელიც, მისი თქმით, წლების განმავლობაში „დანაშაულებრივი რეჟიმის გამამართლებელი იყო“ და ალექსანდრე კვიტაშვილს, რომელმაც „პრაქტიკულად დაანგრია ჯანდაცვის სისტემა საქართველოში“.

ზღულაძე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო 2006–2012 წლებში 17 დეკემბერს უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.

კვიტაშვილი, რომელიც 2008–2010 წლებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იყო, იგივე პოსტი უკრაინის მთავრობაში 2 დეკემბერს დაიკავა.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)