საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გარშემო კვლავ გრძელდება სკანდალი, რომელიც უკავშირდება სამინისტროს მიერ უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის თაობაზე სადავო განცხადების გამოქვეყნებას; იმავდროულად, თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძეს მოუწოდებენ, რომ საჯაროდ განმარტოს, ვინ არის ამ განცხადების შინაარსის ავტორი.
24 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ ატეხილი „ისტერიის“ დასრულებისკენ მოუწოდა.
„ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით და მოწოდებები იმის თაობაზე, რომ თითქოს ბატონი მინდია უნდა გადადგეს, არ უნდა გადადგეს – მე მგონი ეს არასწორი საუბარია და მე მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ალბათ უფრო გონივრული იქნება, რომ დროზე დავასრულოთ ეს საუბარი და ეს მართლაც ისტერია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ბატონ მინდიასთან მე მქონდა საუბარი, მას არც ეუხერხულება, არც არაფერი, ჩვენ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ პოზიცია“, – განაგრძო მან სხდომაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა მინისტრი ჯანელიძე, „ის, რომ ნაციონალური მოძრაობის მოწოდებაზე ამხელა აჟიოტაჟი ატყდა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან შეუსაბამოა და შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი არის ჩვენი თავდაცვის სამინისტროსი“.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა შეეცადა, რომ პასუხისმგებლობა სადავო განცხადების თაობაზე სამინისტროს რიგით თანამშრომლებზე დაეკისრებინა და განაცხადა, რომ არც თავდაცვის მინისტრი და არც მისი მოადგილეები წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებულნი 20 დეკემბერს გამოქვეყნებული ტექსტის თაობაზე. ტექსტი დაახლოებით 24 საათში წაშალეს ვებგვერდიდან მას შემდეგ, რაც მას პრემიერ–მინისტრი გამოეხმაურა და თავდაცვის მინისტრს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
განცხადების თანახმად, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვაზე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, „სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს“, რადგანაც ისინი აქეზებენ ქართველებს, რომ იბრძოლონ უკრაინაში. თავდაცვის სამინისტრომ ასევე მოუწოდა „ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში“.
- პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებზე
- თავდაცვის სამინისტრო ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ ხელმძღვანელობამ არ იცოდა სადავო განცხადების შესახებ
- თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის თაობაზე გაკეთებული განცხადების გამო შეუტიეს
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისის დაღუპვის თაობაზე
- ქართველი მოხალისე მებრძოლი უკრაინაში დაიღუპა
თავდაცვის სამინისტრომ მართლაც მოიხადა ბოდიში და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო „შეცდომა“ და „ხარვეზი“ სამინისტროს მენეჯმენტში.
თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძეს, რომელმაც ამ პოსტზე დაახლოებით ორი თვის წინ ირაკლი ალასანია შეცვალა, ჯერ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, რამაც კოალიცია ქართული ოცნების ზოგიერთი წევრის კრიტიკა გამოიწვია.
რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოთქვამს კოალიციის პარტნიორებისგან განსხვავებულ მოსაზრებებს, ხმამაღლა გააკრიტიკა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და კერძოდ, მინისტრი ჯანელიძე.
„იმის ნაცვლად, რომ თავდაცვის მინისტრი გამოსულიყო და საზოგადოებისთვის და პარლამენტისთვის აეხსნა, რატომ მოუვიდა მას ეს შეცდომა, ის გაჯიუტდა და არ გამოჩნდა; ჩვენ არ ვიცით, სად არის თავდაცვის მინისტრი; დაემალა საზოგადოებას; ეს კარგი არ არის“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ 22 დეკემბერს.
მან ასევე განაცხადა, რომ „სპეცსამსახურების გამოცდილება თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ადამიანმა უნდა გადადოს გვერდზე; ის სამოქალაქო პირია და უნდა ელაპარაკოს საზოგადოებას“.
„პარლამენტს უნდა გვითხრას და საზოგადოებას, რატომ მოუვიდა ასეთი შეცდომა, ვინ არის ავტორი და ინიციატორი ასეთი განცხადების“, – განაცხადა ბერძენიშავილმა.
23 დეკემბერს თავდაცვის მინისტრი ორ სამხედრო ბაზას ესტუმრა; სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, ჯანელიძემ განაცხადა, რომ სამხედრო ბაზებზე მისი სტუმრობის მიზანი იყო „იმ ინფრასტრუქტურული პრობლემების შესწავლა, რაც ჩვენ სამხედრო ნაწილებში არსებობს“.
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი 23 დეკემბერს პარლამენტში თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის მოსმენას დაესწრო. მართალია ამ მოსმენის დღის წესრიგში არ იყო ბოლოდროინდელ უთანხმოების განხილვა, მაგრამ ეს საკითხი „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა წამოწია.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მოსმენას არ დასწრებიან, ვინაიდან ისინი ბოიკოტს უცხადებენ საკომიტეტო მოსმენებს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში ნაწილობრივ გადმოტანასთან დაკავშირებით. მოსმენას ნაციონალური მოძრაობის არა დეპუტატი ის წევრები დაესწრნენ, თუმცა მათ სხდომის დატოვება მოუწიათ, რადგანაც კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა სხდომა დახურულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც საუბარი თავდაცვის სამინისტროს გარშემო არსებულ დაპირისპირებას შეეხო. სესიაშვილი, რომელიც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრია, აცხადებს, რომ ეს სენსიტიური საკითხი „პოლიტიკური სპეკულაციის“ საგანი არ უნდა გახდეს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯერ დაკრძალულიც არ არის.
სესიაშვილმა განაცხადა 23 დეკემბერს, რომ ამ საკითხს ან კვირის ბოლოს ან მომავალ კვირას განიხილავენ; ერთი დღით ადრე მას პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ჰქონდა შეხვედრა.
22 დეკემბერს გაკეთებულ ცალკე კომენტარში, სესიაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ აღიარა შეცდომა და ბოდიში მოიხადა, ყველაფერი დანარჩენი კი „შავ პიარს“ ემსახურება თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტში, რომ მას აღარაფერი აქვს დასამატებელი იმაზე, რაც უკვე განაცხადა მისმა კოლეგამ, ლევან ღირსიაშვილმა.
მისი თქმით, არავინ აპირებს დამალვას და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
„ახალი ინფორმაცია, ახალი განმარტებები არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა“, – განუცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს დახურული საკომიტეტო მოსმენის შემდეგ 23 დეკემბერს, „მაგრამ მე მივიღე ის, რომ თავდაცვის მინისტრი უახლოეს პერიოდში უშუალოდ თვითონ გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განმარტებას“.
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ თავდაცვის მინისტრის და მისი მოადგილეების გადადგომისკენ მოუწოდა.
„ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს განცხადება არ მომზადებულა თავდაცვის სამინისტროში. ის მომზადდა მთავრობის კანცელარიაში და შემდეგ დაიდო თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობა ამ საკითხზე ეკისრება, უპირველეს ყოვლისა, ივანიშვილს და შემდეგ ღარიბაშვილს. თუ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა – როგორც მინისტრი, ისე მისი მოადგილეები – არ დატოვებენ თანამდებობას, ეს იქნება ღია დეკლარირება იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის, დაზვერვისა და უშიშროების სამსახურებში მიმდინარეობს რუსული სპეცსამსახურების აქტიური პენეტრაცია და ეს ხდება ივანიშვილის და ღარიბაშვილის ხელდასმით“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ 22 დეკემბერს.
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ მინისტრმა არ უნდა აგოს პასუხი მისი თანამშრომლების შეცდომაზე.
მისი თქმით, სამინისტროს დეპარტამენტის მიერ მინისტრთან შეუთანხმებლად განცხადების გავრცელება მინისტრის გადადგომის მიზეზი არ უნდა გახდეს.
როდესაც 22 დეკემბერს დაპირისპირების შესახებ ჰკითხეს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ცოტა უფრო მშვიდი რეაგირებისკენ“ მოუწოდა. „ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი… და მთელი ქვეყანა ერთიანდება ერთი ადამიანის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ადამიანებს, რომ თავისი პოზიცია გამოხატონ. ცოტა უფრო მშვიდი რეაგირება უნდა გვქონდეს ასეთ თემებზე“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
ამ დაპირისპირების ფონზე, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილების მიღების იდეა წამოაყენეს, რომელიც უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველებს იმავე სამართლებრივ სტატუსს და სოციალურ პრივილეგიებს მიანიჭებს, რითიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანები და მათი ოჯახები სარგებლობენ.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ამგვარი ინიციატივის მიღება ნაკლებად სავარაუდოა. ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა 22 დეკემბერს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთს შორის ომში საქართველოს ჩაბმის ტოლფასი იქნება.