პარლამენტმა 25 დეკემბერს ცესკოს ახალ წევრად დიმიტრი ჯავახაძე დაამტკიცა, რომელიც კიდევ ერთ კანდიდატთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა წარუდგინა მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა 11 დეკემბერს ჩააგდეს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სხვა კანდიდატები.
ჯავახაძემ, რომელიც ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა, 82 ხმა დააგროვა, რაც მის ასარჩევად საკმარისი იყო; ხოლო მისმა კონკურენტმა ნინო თათრულაიძემ, პარლამენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა მხოლოდ 22 ხმა მიიღო და შესაბამისად, მისი კანდიდატურა ჩავარდა.
იურიდიულ კომიტეტს კონკურსის წესით შერჩეული არცერთი ამ კანდიდატისთვის მხარი არ დაუჭერია.
იმავდროულად, 8 დეკემბრიდან ცალკე კონკურსი მიმდინარეობს ცესკოში წარმოქმნილი კიდევ სამი ვაკანტური ადგილის შესავსებად. პრეზიდენტი ამ კონკურსში მონაწილეთაგან ერთი კვირის ვადაში ექვს კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.
ცესკოში, რომელიც შედგება თავმჯდომარისა და 12 წევრისგან, საარჩევნო მოხელის სტატუსის მქონე 5 წევრს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს, 7 წევრი კი პარტიული ნიშნით ინიშნება.