Site icon Civil.ge

პარლამენტში ხელჩართული ჩხუბი მოხდა

პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან აკაკი ბობოხიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპონენტების მისამართით შეიგინა.

ბობოხიძე, რომელიც არერთხელ ყოფილა წინა და ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტებში მომხდარი ჩხუბების წამომწყები ან მონაწილე, უმცირესობის პოზიციას ახმოვანებდა ევროპის საბჭოს დელეგაციაში დეპუტატთა წარმომადგენლობის სადავო საკითხზე, რომლის თანახმადაც, ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც აღარ არის ერთადერთი ოპოზიციური ჯგუფი პარლამენტში, დელეგაციის მუდმივ შემადგენლობაში ორი კუთვნილი ადგილიდან ერთი უნდა დაუთმოს „თავისუფალ დემოკრატებს“, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამოეყვნენ ქართული ოცნების უმრავლესობას.  ნაციონალური მოძრაობა ძირითად დელეგაციაში ერთი ადგილის ჩამორთმევას აპროტესტებდა, როგორც ქართული ოცნების პასუხს ასამბლეის მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღებაზე.

„მიექანებით დედა რუსეთისკენ… მოვა თქვენი გაქცევის დროც და თქვენი გაქცევის დრო რომ მოვა, თქვენი დედა რუსეთი იმ დროს გაქცევისთვის არ ივარგებს, ხალხო“, – როცა ბობოხიძე ამას ამბობდა ოპონენტების მისამართით დარბაზიდან იყო გაურკვეველი რეპლიკა, რის შემდეგაც ბობოხიძემ განაგრძო: „ვინ რა თქვა? დედასაც შ..ცი ვინც რა თქვა, და თქვენი დედაც მ…ნ და ბოდიშს ვიხდი საქართველოს მოსახლეობასთან. თქვენ თუ გგონიათ, რომ რამეს დაგითმობთ რა“.



ქართული ოცნების დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა, რომელმაც 2004 წელს ოლიმპიური ოქრო მოიპოვა ძიუდოში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში 26 დეკემბერს აკაკი ბობოხიძეზე იერიში მიიტანა.  

ამ გინების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს ბობოხიძის დარბაზიდან გაყვანისკენ, ხოლო კოლეგებს უმრავლესობიდან თავშეკავებისკენ მოუწოდა, თუმცა ამ მოწოდებებმა ვერ აღკვეთა ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე კერა დეპუტატებს შორის, რომელიც სხდომათა დარბაზის სხვადასხვა ადგილებში წარმოიქმნა. ჩხუბში, რომელსაც მასიური სახე მიეცა, განსაკუთრებით აქტიურობდნენ დეპუტატები ქართული ოცნებიდან მოჭიდავე ზურაბ ზვიადაური, სოსო ჯაჭვლიანი, თამაზ ჯაფარიძე, დათო ლორთქიფანიძე; ასევე ნაციონალური მოძრაობიდან თავად აკაკი ბობოხიძე, გოგა ხაჩიძე და პეტრე ცისკარიშვილი. ბევრი დეპუტატი კოლეგების გაშველებას ცდილობდა.



ქართული ოცნების დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატზე პეტრე ცისკარიშვილზე იწევს, ხოლო კოლეგები ქართული ოცნებიდან და ნაციონალური მოძრაობიდან მათ გაშველებას ცდილობენ.

ჩხუბის შემდეგ, რომლის გამოც პარლამენტის სხდომაზე იძულებითი შესვენება გამოცხადა, სხდომა დაახლოებით 25 წუთში კვლავ განახლდა. დავით უსუფაშვილმა ბობოხიძის გამოსვლა შეაფასა, როგორც „პროვოკაციული“ და „უპასუხისმგებლო“, რომელიც მისი თქმით, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. მან ასევე განაცხადა, რომ ამ ტიპის ქმედების დროს „იძულებული ვართ პოლიტიკური პასუხიმსმგებლობა გამოვავლინოთ“ და პარლამენტმა უნდა განაგრძოს მუშაობა.

მან სხდომაზე, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების უმრავლესობა უკვე აღარ ესწრებოდა, სატესტო რეგისტრაცია ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რამდენად გამართულად მუშაობდა ჩხუბის დროს დაზიანებული აპარატურა. ამის შემდეგ დეპუტატებმა უმრავლესობიდან კენჭი უყარეს განხილულ საკითხებს, მათ შორის  79 ხმით დაამტკიცეს ევროპის საბჭოს დელეგაციაში დეპუტატთა კვოტირების ახალი წესი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)