თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ უკრაინაში ქართველი მოხალისე მებრძოლის დაღუპვის თაობაზე მისი უწყების მიერ გაკეთებული სადავო განცხადებაზე 26 დეკემბერს პირველ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ამ „შეცდომაზე“, რომელიც არ იყო „წინასწარ განზრახული“, პასუხისმგებლობას არ იხსნის.
„მე არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ მე პასუხისმგებლობას ვიხსნი. მე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი, მიუხედევად იმისა გაცნობილი ვიყავი ტექსტს თუ არა; ჩემს უწყებაში რა ხდება, ამაზე პასუხისმგებლობა მე მაქვს, ბუნებრივია“, – განაცხადა ჯანელიძემ, „ეს არ იყო შეგნებული შეცდომა, ეს არ იყო წინასწარ განზრახული შეცდომა, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ტექნიკური ხარვეზი – რაღაც მიზეზების გამო მე საბოლოო ტექსტს ვერ გავეცანი, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა. შესაბამისად, მოხდა შეცდომა, ვაღიარეთ ეს შეცდომა, დავინახეთ ეს შეცდომა და მივიღეთ ზომები, რომ აღარ გამეორდეს ეს მომავალში“.
უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს 32 წლის მოქალაქე, ალექსანდრე გრიგოლაშვილი ლუგანსკის რეგიონში 19 დეკემბერს ღამით მოკლეს. 20 დეკემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში თავდაცვის სამინისტრომ თანაგრძნობა გამოთქვა მისი გარდაცვალების გამო და განაცხადა, რომ „სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს“, რადგანაც ისინი აქეზებენ ქართველებს, რომ იბრძოლონ უკრაინაში. თავდაცვის სამინისტრომ ასევე მოუწოდა „ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში“.
ამ განცხადებას ფართომასშტაბიანი დაგმობა მოჰყვა როგორც პოლიტიკური სპექტრის ნაწილის, ასევე საზოგადოების მხრიდან. მწვავე რეაგირების ფონზე განცხადების გაკეთება მოუწია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსაც, რომელმაც ამ "პოლიტიკური შინაარსის" განცხადებას „შეცდომა“ უწოდა, მინისტრს კი ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ამ კომენტარის შემდეგ სამინისტრომ განცხადება მისი ვებ-გვერდიდან წაშალა. თავდაცვის სამინისტრომ ბოდიში მოიხადა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო „შეცდომა“ და „ხარვეზი“ სამინისტროს მენეჯმენტში. ამ ბოდიშის მიუხედევად, პოლიტიკოსები მაინც მოუწოდებდნენ, რომ თავად მინისტრს გაეკეთებინა განმარტება მომხდარის თაობაზე.
დღემდე ჯანელიძეს ამ საკითხზე კომენტარი არ ჰქონდა გაკეთებული. მან ეს რამდენიმე დღიანი დუმილი გარდაცვლილი სამხედროს ოჯახის პოზიციის გათვალისწინებით ახსნა, რათა თავიდან აცილებულიყო ამ თემის მეტი პოლიტიზირება. ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007-2008 წლებში მსახურობდა, 25 დეკემბერს დაკრძალეს.
„ჩვენ ვაღიარეთ ის შეცდომა, რომელიც იყო დაშვებული ტექსტის მომზადების დროს, ამას არ გავურბივართ. ამან საშუალება მისცა ჩვენ არაკეთილმოსურნეებს, პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას, რომ მანიპულირება მოეხდინა განცხადებასთან დაკავშირებით, ინტერპრეტირება მოეხდინათ საკუთარი შეხედულების მიხედვით და ეს არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის. ამან გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, რაზედაც მართლა ვწუხვართ. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს შეცდომა დანახულია, გაანალიზებულია, შეცდომა გამოსწორებულია და მომავალში მსგავსი შეცდომები არ იქნება“, – განუცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მან არ დაასახელა კონკრეტული პირი, ვინც სამინისტროს ტექსტის შედგენის უკან იდგა. მინისტრმა ამ თემის ირგვლივ "ხელოვნური სპეკულაციების" დასრულებისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, "ეს არის შედის ჯარის ინტერესებში".
ოპოზიციის მოწოდებებზე, რომ მინისტრს თანამდებობრივად ეგო პასუხი მისი უწყების სადავო განცხადების გამო, ჯანელიძემ უპასუხა: „ნაციონალური მოძრაობის სურვილების დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ“.
მან დაგმო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ბევრ ქართველ ოფიცერს სურს უკრაინის მხარეს ბრძოლა. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინელ "მოძმე" ხალხს „სწორი ფორმებით და მექანიზმებით“ უნდა „აღმოვუჩონოთ დახმარება“ ისე, რომ „ამან არ დააზიანოს ჩვენი ეროვნული ინეტერესი“.
„რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე მყარად მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ საქართველოს გზა არ არის სამხედრო კონფლიქტებში ჩართვის გზა. ჩვენ ეროვნულ ინტერესებში არ შედის არცერთ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობა. სამხედრო კონფლიქტებმა რაც მოგვიტანა, ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ: ეს არის 20% ოკუპირებული ტერიტორიები და საოკუპაციო ძალები 40 კილომეტრში ჩვენი დედაქალაქიდან; ამიტომ ეს არ შედის ჩვენ ეროვნულ ინტერესებში“, – განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ემიჯნება უკრაინაში ქართველი მოხალისეების ბრძოლას და აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისი უკრაინის მიმართ სოლიდარობას გაწეული ჰუმანიტარული დახმარებით გამოხატავს. ღარიბაშვილმა, რომელმაც ორი დღის წინ თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ შექმნილი „ისტერიის“ დასრულებისკენ მოუწოდა, პარასკევს გაიმეორა, რომ მან განცხადება იმიტომ არ მოიწონა, რომ ის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა; სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, განცხადებაში არაფერი უჩვეულო არ ყოფილა.