პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ 84 პატიმარი შეიწყალა, საიდანაც 63 მსჯავრდებული ციხეებს დღესვე დატოვებს, ხოლო 21-ს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება.
შეწყალებულებს შორის ორი ქალი და ხუთი არასრულწლოვანია, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია 30 დეკემბერს.
ამასთან, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი სარეზერვო ფონდიდან შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტრაციის პროექტი დააფინანსოს. მან ამ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს 30 დეკემბერს ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლა.
ეს პროექტი, რომელსაც თბილისსა და ქუთაისში წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT და სარეაბილიტაციო ცენტრი „კამარა“ განახორციელებენ, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციას ემსახურება მათთვის უფასოდ ისეთი სერვისების მიწოდების გზით, როგორიცაა ფსიქოლოგიური, სამედიცინო დახმარება, ასევე პროფესიული გადამზადება და სოციალური მომსახურება.
ამასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროექტში თავის წვლილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უსასყიდლოდ შეიტანს სამართლებრივ საკითხებზე იურიდიული მომსახურების კუთხით.