Site icon Civil.ge

ადრიატიკის ზღვაში ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

ადრიატიკის ზღვაში ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ ხანძრის გაჩენის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა.

დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარის, მამა ილია კარტოზიას გვამი ზღვაში იპოვეს და იტალიური სამხედრო გემით პორტ ბრინდიზიში გადმოიყვანეს.

„ნორმან ატლანტიკის“ ბორტზე, სადაც 28 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა, როდესაც ის საბერძნეთის ქალაქ პატრასიდან იტალიის პორტ ანკონაში მიემგზავრებოდა, საქართველოს კიდევ შვიდი მოქალაქე იმყოფებოდა.

ეს შვიდი ქართველი, მათ შორის ცხრა წლის ბიჭი, იმ 400–ზე მეტ ადამიანს შორის იყო, რომელთა ევაკუაციაც 36–საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად მოხერხდა.

საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ განაცხადა, რომ ყველა მათგანი იტალიის ქალაქ ბარიში იმყოფებიან და თავს "ნორმალურად" გრძნობენ. 

სულ ცოტა 11 ადამიანი დაიღუპა ბორანზე;, სამაშველო ოპერაციის დროს ორი ალბანელი მეზღვაურიც დაიღუპა. ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.

31 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრიატიკის ზღვაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოხატა.

სამინისტროს ცნობით დაღუპულთა შორის არის  ქართველი სასულიერო პირი, .

„საგარეო საქმეთა სამინისტრო უთანაგრძნობს ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,  საქართველოს ეკლესიას.  სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს დახმარება  გასწიოს გარდაცვლილი სასულიერო პირის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებაში,“ განაცხადა საგარეო უწყებამ.

„აქვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ ქვეყნის მთავრობასა და შესაბამის სამსახურებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სამაშველო ოპერაციაში, რის  შედეგადაც შესაძლებელი გახდა ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ მყოფი მგზავრების ნაწილის გადარჩენა, მათ შორის შვიდი საქართველოს მოქალაქეა,“ ნათქვამია განცხადებაში.