Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრის საახალწლო მიმართვა

თავის საახალწლო მიმართვაში მოსახლეობისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2014 წელი „ისტორიული“ იყო საქართველოსთვის, რადგანაც ქვეყანამ ნაბიჯი გადადგა ევროპული ინტეგრაციისკენ და ეს გზა მომავალშიც გაგრძელდება.

მან საზოგადოების „ერთობის“ საჭიროებას გაუსვა ხაზი, რათა საქართველო „ძლიერი ევროპული სახელმწიფო“ გახდეს და მთავრობის მომავალი წლის პრიორიტეტებს შორის ეკონომიკური ზრდა დაასახელა.

„2014 წელი ნამდვილად იყო წინსვლის წელი. იყო შეცდომებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მჯერა, რომ ახალი წელი კიდევ უფრო კარგი წელი იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წინ საუკეთესო დღეები გველოდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„2014 წელი ისტორიული იყო, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროპას. ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპასთან ერთად. ევროპისკენ მიისწრაფოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები და აქეთ მივისწრაფით ჩვენც და ვაკეთებთ ყველაფერს ამისათვის“, – განაცხადა მან.

„ჩვენი ქართული სახელმწიფოს წარმატების საფუძველი არის ჩვენი ერთსულოვნება, ჩვენი ერთობა, ქვეყნის მიმართ ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობა და ერთგულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, „ჩვენ ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია და დღეს როგორც არასდროს ისე გვჭირდება ერთად დგომა, რომ ჩვენი სამშობლო ვაქციოთ ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოდ“.

„ჩემო მეგობრებო, იცით, რომ ეს წელი იყო მართლაც მძიმე მთელი მსოფლიოსთვის, მთლიანად რეგიონისთვის, მაგრამ ჩვენ შევძელით ამ ურთულეს პერიოდში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში. ეს კი, რა თქმა უნდა, მომავალი წარმატების საფუძველი იქნება“.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს და რაც შეიძლება მეტი წელგამართული ოჯახი ყავდეს ჩვენ ქვეყანას“, – განაგრძო მან, „ჩვენმა ხელისუფლებამ არსებითად შეცვალა პრიორიტეტები და მიდგომები.  პირველი ნაბიჯები გადავდგით სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ჩვენ განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტები ჯანდაცვაში, ეკონომიკაში, წარმოებაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობაში, რომლებსაც წლების განმავლობაში არავინ აქცევდა ყურადღებას“.

„ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. ჩვენი ხალხი მეტს იმსახურებს და ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და ჩვენი მთავრობა ამას ძალიან განვიცდით“.

„სწორედ ამიტომ, ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავარი ამოცანაა. წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი განათლება – ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა ახალ წელს. 2014 წელს ჩვენ ამას საფუძველი ჩავუყარეთ, ავამუშავეთ სხვადასხვა პროექტი, პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო საგრძნობი და ხელშესახები გახდება მომავალი წლიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ახალი საწარმო უნდა გავხსნათ, ჩვენ მეტად უნდა განვავითაროთ ბიზნესი, კიდევ უფრო მეტი ახალი ინვესტიციები შემოვიტანოთ ქვეყანაში, მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ, და ჩვენ უნდა გვონდეს ყველა მიმართულებით წინსვლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ახალი წელი ასევე მიულოცა „აფხაზ და ოს ძმებს“.

„მჯერა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც მოვიპოვებთ ერთმანეთის ნდობას და ვიზრუნებთ ჩვენი საერთო სამშობლოსთვის, ჩვენი ერის გამთლიანებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)