Site icon Civil.ge

პარლამენტის თავმჯდომარე გმობს პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გმობს 7 იანვარს პარიზში სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

თავის ფრანგი კოლეგებისადმი –  სენატის თავმჯდომარის ჟერარ ლარშეს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის კლოდ ბარტელონის სახელზე გაგზავნილ სამძიმრის წერილებში, უსუფაშვილი მომხდარ ტრაგედიას სიტყვის თავისუფლებისა და თანამედროვე ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს.

„ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმით, ტერორისტები თავს დაესხნენ თავისუფალი სამყაროს იდეას, შეეცადნენ მოეკლათ ის უმთავრესი ღირებულებები, რომელიც თავის დროზე სწორედ საფრანგეთში დაიბადა და დღეს მთელ მსოფლიოს ასაზრდოებს“, – აცახდებს უსუფაშვილი, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის სახელით გაგზავნილ წერილში. 

„თუმცა, მე მწამს, რომ ეს უდიდესი ტრაგედია გახდება საფუძველი ტერორიზმის წინააღმდეგ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად და იმ იდეების მსოფლიოში გასავრცელებლად, რომელსაც შეეწირნენ 7 იანვრის ტერორისტული აქტის მსხვერპლნი“, – აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის სპიკერი.