პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა 13 იანვარს, რომ ის მზად არის მოუსმინოს ყველა დაინტერესებულ მხარეს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევისა და წარდგენის პროცესში.
უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება. მისი შემცვლელი პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს. კანდიდატის დამტკიცებას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
„პრეზიდენტის ინსტიტუტი ღიაა ამ კონსულტაციებისთვის“, – განუცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს 13 იანვარს, „მე მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს – როგორც სამოქალაქო სექტორში, ასევე პარლამენტში – ჩაერთონ ამ კონსულტაციებში და თავისი პოზიცია გაგვიზიარონ“.
„ბუნებრივია, ეს ჩვენ დაგვეხმარება სწორედ იმ მიზნის განხორციელებაში, რომ დავასახელოთ საუკეთესო კანდიდატი“, – განაცხადა მან.
„მე დაინტერესებული ვარ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტების შეხედულებებით. ბუნებრივია, გადაწყვეტილების სირთულე დააწვება პრეზიდენტს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)