Site icon Civil.ge

ტაავი რიივასი: ესტონეთი საქართველოსთან ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის ‘ძლიერი მხარდამჭერია’

ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა ტაავი რიივასმა, რომელიც თბილისს სტუმრობს, განაცხადა 12 იანვარს, რომ მისი ქვეყანა საქართველოსთან ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის „ძლიერი მხარდამჭერია“.

როდესაც მას თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს საქართველოს მოლოდინზე, რომ 21–22 მაისს რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ვიზების ლიბერალიზაციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული და ასევე ამ საკითხზე ესტონეთის პოზიციის შესახებ,  ტაავი რიივასმა უპასუხა: „ვიმედოვნებთ, რომ დადებით შედეგს მივიღებთ რიგის სამიტისგან“.

„ჯერ 100%–ით გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ თქვენ იცით, რომ ესტონეთი ძლიერი მხარდამჭერია და ბევრი თვალსაზრისით საქართველო ლიდერია ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებაში. ეს სავსებით შესაძლებელია“, – დასძინა ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა, რომლის ქვეყანაც, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე როტაციის პრინციპით, უმასპინძლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს მაისში, ბოლო დროს უკვე მრავალჯერ განაცხადა, რომ ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაცია საქართველოსთან და უკრაინასთან შესაძლოა რიგის სამიტის ერთ–ერთი შედეგი იყოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა 12 იანვარს, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედება „დაკავშირებული იქნება პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რომელსაც ამ იდეას აღმოუჩენენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები“.

„დღეს თქვენ ხედავთ, რომ სიტუაცია მიგრაციასთან დაკავშირებით  არ არის მარტივი. ბევრი ქვეყანა მოითხოვს შენგენის რეგულაციების გადახედვასაც კი. ამ ფონზე ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად დავასრულოთ ე.წ. ჩვენი საშინაო დავალება ანუ დავასრულოთ ყველა მიმართულებით ჩვენი ვალდებულებები ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან გაფართოებული შეხვედრის შემდეგ. 

თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი და ამავდროულად, გულწრფელი ორმხრივი ურთიერთობები“.

მან დაადასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევრო–ატლანტიკური მისწრაფების და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ესტონეთი არის მართლაც თვალსაჩინო მაგალითი და ჩემთვის მოდელი სახელმწიფო, რომელიც არის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული“.

„ჩვენ ესტონეთისგან გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ესტონეთის პრემიერ–მინისტრს მხარდაჭერისათვის საქართველოს ევრო–ინტეგრაციის კურსისადმი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა.

ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას კარგი თანამშრომლობა აქვს მთელ რიგ სფეროებში, დაწყებული თავდაცვით და დამთავრებული კულტურით და კინემატოგრაფიით; მან ხაზი გაუსვა ქართულ–ესტონური წარმოების ფილმს „მანდარინები“, რომელიც რვა სხვა ფილმთან ერთად უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაშია ოსკარზე წარდგენილი. საბოლოოდ 5 ფილმი შეირჩევა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად. გამარჯვებული 15 იანვარს გამოცხადდება. ფილმი „მანდარინები“ ესტონეთმა წარადგინა. შერჩეულ ფილმებს შორის ასევე არის საქართველოს მიერ წარდგენილი ფილმი „სიმინდის კუნძული“. ფილმი „მანდარინები“ ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, სადაც რუსულმა „ლევიათანმა“ გაიმარჯვა. ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მართალია „მანდარინებმა“ ვერ მიიღო ოქროს გლობუსი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ოსკარს ვერ მიიღებს. 

ასევე 12 იანვარს, ესტრონეთის პრემიერ–მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და დეპუტატებს შეხვდა როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან.  

13 იანვარს ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრებმა თბილისში საქართველო–ესტონეთის ბიზნეს ფორუმი გახსნეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)