Site icon Civil.ge

საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ინიშნება

გია გეწაძე, რომელსაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში 2005 წლის შუამდე სხვადასხვა მაღალი თანამდებობები ეკავა, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდება.

უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პავლო პეტრენკომ 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილის პოსტზე გეწაძე ანტიკორუფციული პოლიტიკის, კადრების დაკომპლექტებისა და რეფორმების კომისიის საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი.

პრესკონფერენციაზე პეტრენკომ საქართველოს რამდენიმე სხვა ყოფილი თანამდებობის პირიც წარადგინა, რომლებიც ასევე დაიწყებენ მუშაობას უკრაინის იუსტიციის სამინისტროში.

გეწაძეს 2004 წელს რამდენიმე თვით იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, სანამ იმერეთის რეგიონის გუბერნატორად დაინიშნებოდა; 2005 წლის აპრილ–ივლისში მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. შემდეგ გეწაძემ თავისი კერძო იურიდიული ფირმა გახსნა; ის ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანია.     

გეწაძე საქართველოს მესამე ყოფილი მაღალჩინოსანი იქნება, რომელიც უკრაინის მთავრობაში დაიკავებს მაღალ თანამდებობას მას შემდეგ, რაც ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა იგივე პოსტი მიიღო უკრაინაში, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.

საქართველოს კიდევ სამი ყოფილი თანამდებობის პირი, რომლებიც ასევე შეუერთდებიან უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, არიან ჯაბა ებანოიძე, საქართველოს შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც 2006–2011 წლებში სხვადასხვა პოსტებზე მსახურობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში; ხატია შელია, რომელიც ეროვნული აღსრულების ბიუროში იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და გიორგი წიკლაური, ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელი. 

უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პეტრენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები მას შემდეგ დაინიშნებიან ახალ თანამდებობებზე, რაც ისინი უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ.

ცნობა იმის თაობაზე, რომ გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ინიშნებოდა პირველად ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა თავის Facebook-ის გვერდზე 14 იანვარს. სააკაშვილმა დაწერა, რომ გეწაძე მისი „მეგობარი“ და „თანამოაზრეა", რომელიც "მთელი ეს წლები ჩემი ახლო მრჩეველი იყო“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)