Site icon Civil.ge

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში საქართველოს ეწვია

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი 15–16 იანვარს საქართველოს სტუმრობს. 

„ვიზიტის მთავარი მიზანია ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა და რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის განხილვა, ასევე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მომავალი მიმოხილვა“, – ნათქვამია ევროკომისრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში.

ევროკომისარი ჰანი შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების და ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებს.

ევროკომისარი და საქართველოს პრემიერ–მინისტრი ხელს მოაწერენ ფინანსურ შეთანხმებას ახალი პროგრამის თაობაზე, რომელიც საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელებასა და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება.

ვიზიტის დროს, მოსალოდნელია რომ ევროკომისარი განცხადებას გააკეთებს ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი პროექტის დაწყების შესახებ, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში სესხების აღებაში დაეხმარება, რათა მათ თავიანთი წარმოება გააუმჯობესონ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობით შექმნილი ახალი შესაძლებლობები გამოიყენონ.   

პროგრამის მიხედვით, ევროკავშირი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს, რაც იქნება გარანტია 69 მილიონი ევროს ოდენობის სესხისთვის, რომელსაც EBRD საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მცირე საწარმოების დაფინანსებისთვის ჯამურად გასცემს. თითოეულ საწარმოს ექნება შესაძლებლობა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში  500 000-დან 10 მლნ ევრომდე სესხი აიღოს. 

ვიზიტის დროს ევროკომისარი ჰანი სიტყვით გამოვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის ასევე მოინახულებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მცხეთის საველე ოფისს.