Site icon Civil.ge

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში თბილისში შეხვედრებს მართავს

ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა იმედი გამოთქვა, რომ „ძალიან დადებითი შედეგი იქნება“, როდესაც ევროკავშირი  მარტში საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის განხორციელებას შეაფასებს.  

იოჰანეს ჰანმა, რომელიც 15–16 იანვარს საქართველოს სტუმრობს, განაცხადა ხუთშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ განხილულ საკითხებს შორის ვიზების ლიბერალიზაციაც იყო.

„ასევე განვიხილეთ სხვა საკითხებიც, რადგანაც პარალელურად მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების იმ წუხილების განხილვაც, რომლებიც ამ საკითხს [ვიზების ლიბერალიზაციას] უკავშირდება, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება ორგანიზებულ დანაშაულს; საჭიროა, რომ ეს მოგვარდეს, რათა გადაწყდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც შესაძლოა კიდევ არსებობდეს, იმისათვის, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოების თანხმობა მივიღოთ“, – განაცხადა ევროკომისარმა.

15 იანვარს ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ემზადება მაისის ბოლოს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რათა საქართველო წარმატების მაგალითი გახდეს. მან ასევე განაცხადა, რომ რიგის სამიტისთვის ვიზების ლიბერალიზაციის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად ყველა ტექნიკური სამუშაოს „წარმატებული დასრულება“ მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისია დადებით რეკომენდაციას გასცემს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის სასარგებლოდ; თუმცა, იქვე დასძინა, რომ მას არ უნდა წინასწარი დასკვნების გაკეთება. 

2014 წლის ოქტომბერში საქართველომ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგში პირველი ფაზის მოთხოვნები შეასრულა  და სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე გადავიდა. პირველი ფაზის ამოცანები მოიცავდა პოლიტიკურ ჩარჩოს, რაც ასევე გულისხმობდა  შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, ხოლო მეორე ფაზის ამოცანებია კანონმდებლობის ეფექტური და მდგრადი განხორციელების პრაქტიკაში დანერგვა. 

ჰანმა აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელსაც ის სტუმრობს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის რანგში, რაც, მისი თქმით, „იმაზე მიანიშნებს, თუ რამდენად ძლიერად აფასებს ევროკავშირი ყველა იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო მიმართავს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“. 

15 იანვარს ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში  და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხელი მოაწერეს ახალ სამწლიან 44.5 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამას, რომელიც საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელებაში დაეხმარება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს დახმარებისთვის და დასძინა: „ჩვენ ველოდებით, რომ მომავალში ევროკავშირი კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას აღმოუჩენს საქართველოს“.

„ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის არჩევანი და ჩვენი ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი ნაწილი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

მისი თქმით, ასევე იქნა განხილული რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ამ კონტექტში, განაცხადა მან, რომ „ჩვენი კონსტრუქციული ქმედებების მიუხედავად“, რუსეთმა არ გადადგა საპასუხო ნაბიჯები, რისი დემონსტრირებაც იყო სეპარატისტულ აფხაზეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება. 

ევროკომისარმა ჰანმა დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით „სავსებით ნათელია“.

ვიზიტის მეორე დღეს ევროკომისარი ჰანი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

„ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ევროპის სტრუქტურებში; ვფიქრობ, რომ ამას ჩვენ შევასრულებთ“, – განუცხადა ილია მეორემ ევროკომისარს საპატრიარქოში გამართული შეხვედრისას.  

იოჰანეს ჰანი ასევე შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.