Site icon Civil.ge

ბერუჩაშვილი ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის გეგმის ‘წარმატებით’ შესრულებაზე საუბრობს

ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების „წარმატებით“ შესრულებაში საქართველომ „სერიოზული“ ძალისხმევა გასწია და ელის პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროკავშირისგან, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა. 

„პროცესი მიმდინარეობს, შედეგები ძალიან კარგი გვაქვს და უკვე ფინალურ ეტაპზე ვიმყოფებით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება და გვექნება პოზიტიური რეკომენდაცია ყველა იმ შეფასებების შემდეგ, რომელიც უკვე დაიწყო და გაგრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში“, – განაცხადა მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა საჯარო ლექცია წაიკითხა.

კითხვაზე, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისგან მაისში, ევროკომისარმა ჰანმა უპასუხა: „ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესია ყველაფერში, რაც ვიზების მომავალ ლიბერალიზაციას უკავშირდება“.

ევროკავშირი ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის განხორციელების შეფასებას, სავარაუდოდ, მარტში დაასრულებს. ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ შედეგი დადებითი იქნება.  

„მე ნათლად ვაცხადებ – ჩვენი მიზანია ვიზების ლიბერალიზაცია, მაგრამ აქ გარკვეული პირობები უნდა დაკმაყოფილდეს; ჩვენ ორივე ვმუშაობთ ამაზე. შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ერთგულია ამისი, არამედ გულდასმით მუშაობს საჭირო პირობების დაკმაყოფილებაზე“, – განაცხადა ჰანმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ევროკომისია ვიზების ლიბერალიზაციის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს საკითხი შემდეგ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ, რასაც „ჩვეულებრივ პოლიტიკური განზომილება აქვს“.

„ჩვენი ამოცანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტამდე, მაისში მივიღოთ პოზიტიური რეკომენდაცია შეფასებების შემდეგ  ევროკომისიის შესაბამისი სამსახურიდან და დარწმუნებული ვარ, ამ ფონზე საქართველო მიიღებს იმ პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, რომელიც ახლო მომავალში უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეებისთვის რეალობად აქცევს“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

„ამასთან ერთად, ეს პროცესი, დარწმუნებული ვარ, უფრო მიმზიდველს გახდის ქართულ პასპორტს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა მან.

მინისტრის თქმით, ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღება გააჩენს შესაძლებლობას, რათა „გაღრმავდეს და გაადვილდეს პარტნიორობა ყველა მიმართულებით“, მათ შორის ადამიანებს შორის კონტაქტების თვალსაზრისით.

„ჩვენი დევიზია მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა. 

საქართველომ და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყეს, ხოლო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს გადაეცა.  

2014 წლის ოქტომბერში საქართველომ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგში სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის მოთხოვნები შეასრულა  და მეორე ფაზაზე გადავიდა. პირველი ფაზის ამოცანები მოიცავდა პოლიტიკურ ჩარჩოს, რაც ასევე გულისხმობდა  შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას, ხოლო მეორე ფაზის ამოცანებია კანონმდებლობის ეფექტური და მდგრადი განხორციელების პრაქტიკაში დანერგვა.