Site icon Civil.ge

საქართველოს საპატრიარქო ‘გამოხატვის თავისუფლების ზღვარის’ დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველოს საპატრიარქომ 17 იანვარს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას „გამოხატვის თავისუფლების ზღვარი“, რათა დაიცვას მორწმუნეთა უფლებები მათი „რელიგიური გრძნობების შელახვისგან“.

„ამ განცხადების გაკეთება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მუსლიმთა რელიგიური გრძნობების შემლახველი კარიკატურა და მასალები დიდი ტირაჟით ახლახანს ისევ გავრცელდა. ამიტომაც კვლავ ვაცხადებთ, რომ როგორც არა აქვს გამართლება ე.წ. ლინჩის წესით გასამართლებასა და ტერორიზმს, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი განპირობებული, ასევე დაუშვებელი და დასაგმობია, როგორც მუსლიმების, ისე, საერთოდ, ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა. ასეთი ქმედებების შედეგები შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნისათვის, არამედ მთელი რეგიონისა და მსოფლიოსათვისაც კი და ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

„სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას გამოხატვის თავისუფლების ზღვარი, რათა დაიცვას ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული სხვა უფლებები. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ქრისტიანული ტრადიცია მუდამ გულისხმობდა სხვა კულტურისა და რწმენის მქონე თემებთან მშვიდობიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობას და ამ პრინციპით ყოველთვის ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ საქართველოში", – განაცხადა საპატრიარქომ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „რაც შეეხება რელიგიური გრძნობების უხამსი და ცინიკური ფორმით საჯაროდ შეურაცხყოფას და ღვთის გმობას, იგი ევროპის კავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს“. 

ევროკავშირის სულ ცოტა 14 წევრ სახელმწიფოში მიღებულია კანონები, რომლითაც ღვთის გმობა ან რელიგიური შეურაცხყოფა დასჯადია, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (International Press Institute (IPI)) თანახმად, რომელიც ასევე იტყობინება მზარდი მოწოდებების თაობაზე, რომ ამ კანონების ანულირება მოხდეს მას შემდეგ, რაც პარიზში სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა განხორციელდა.

ამ თავდასხმის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, რომელშიც დაგმო ტერორისტული აქტი და განაცხადა, რომ „წამყვანმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებლად, რათა საზოგადოება იყოს უფრო დაცული“.

2013 წლის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დამატებოდა პუნქტი „რელიგიური გრძნობების შელახვის“ თაობაზე, თუმცა ეს ინიციატივა ჩავარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)