საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში თავის ჰოლანდიელ კოლეგას, მარკ რუტეს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკ რუტემ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება.
„მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში“, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომლის თანახმადაც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ორმხრივ ვაჭრობაში პოზიტიური დინამიკა აღნიშნა.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, 22%–ით გაიზარდა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, „პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს უკრაინაში არსებული კრიზისი“.