Site icon Civil.ge

პრემიერი ღარიბაშვილი დავოსში ლიტვის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს დავოსში 22 იანვარს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა ორი ქვეყნის „ახლო პარტნიორული ურთიერთობები“ განიხილეს, მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობებზე იმსჯელეს.

„ლიტვის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილეს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხები, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა პუნქტების შესრულება და მზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის მოახლოებული სამიტისთვის მაისში“, – იტყობინება ლიტვის პრეზიდენტის პრესსამსახური.

ამავე პრეს-რელიზის თანახმად, სადაც ღარიბაშვილთან შეხვედრის გარდა ასევე საუბარია ლიტვის პრეზიდენტის მის უკრაინელ კოლეგასთან პეტრო პოროშენკოსთან დავოსში შემდგარ შეხვედრაზეც, გრიბაუსკაიტემ ორი ქვეყნის ლიდერებთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ევროპულ რეფორმებში მათი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი განიხილა.

„ლიტვა მხარს უჭერს უკრაინელი და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მზადაა შესთავაზოს ექსპერტების დონეზე დახმარება რეფორმების განხორციელების საკითხებში“, – აცხადებს ლიტვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს ევროინტეგრაციის პროცესებში საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და დადებითად შეაფასა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ აწარმოებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.