Site icon Civil.ge

ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობის უფლებისთვის შვიდი კომპანია განაგრძობს ბრძოლას

ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე მთავრობის მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის შედეგად შვიდი კომპანია და კონსორციუმი შეირჩა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე ინტერესთა გამოხატვა 2014 წლის ივლისში გამოაცხადა. პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა შვიდ ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს  – 7 მლნ ტონა, მეშვიდე წელს – 20 მლნ ტონა და მეთორმეტე წელს არანაკლებ 40 მლნ ტონა).

განაცხადები 12 კომპანიამ და კონსორციუმმა წარადგინა. ეკონომიკის სამინისტრომ შვიდი კომპანიის შერჩევის შესახებ პირველად დეკემბერში განაცხადა, თუმცა სია 22 იანვარს გაასაჯაროვა.

შერჩეულ კომპანიებს შორის არიან:

„სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, „მოკლე სიაში“ შესულ კომპანიებს გაეგზავნათ მოწვევა, რომ მათ მიმდინარე წლის 16 აპრილს წარმოადგინონ დამატებითი წინადადებები. ამის შემდეგ მოხდება ორი ან სამი უპირატესი, საუკეთესო წინადადებების მქონე კანდიდატის შერჩევა და მათთან გაიმართება მოლაპარაკებები რამდენიმე რაუნდად. შემდგომ კომპანიებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ უკვე საბოლოო და საუკეთესო წინადადება, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან გაფორმდება ხელშეკრულება არაუგვიანეს 2015 წლის წლის სექტემბრისა“, –  განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ 22 იანვარს.

ფოთის და ბათუმის პორტებს მხოლოდ მცირე გემების მიღება შეუძლიათ მაქსიმუმ 1700 კონტეინერით. უფრო დიდი მოცულობის ტვირთებს რეგიონის სხვა პორტები იღებენ, ძირითადად სტამბოლი, სადაც კონტეინერები უფრო მცირე ზომის გემებზე იტვირთება და შემდეგ მათი ბათუმისა და ფოთისკენ ტრანსპორტირება ხდება.