Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი მიესალმა ჭიკაიძის გადაწყვეტილებას გადადგომის თაობაზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის დააკმაყოფილებს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე.

„მე მინდა გითხრათ, რომ ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის მართლაც ღირსეული ადამიანი და ის მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა მართლაც ღირსეული პოლიციელი და ერთგული  ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნის, მე ადრეც ვთქვი, რომ  ლექსო გაიზარდა პოლიციელის ოჯახში და მოიქცა ისე, როგორც მას ეკადრებოდა“, – განუცხადა დავოსში მყოფმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

„სწორი მმართველობა არის მთავარი ამოცანა და ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის  თანამდებობა არ ყოფილა არასოდეს და არც არის მთავარი; მისთვის მთავარი არის ის, რომ ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ქვეყანას…  ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ჭიკაიძესთან, ვიდრე ის გადადგომის თაობაზე განცხადებას გაავრცელებდა.

ალექსანდრე ჭიკაიძემ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი 28 წლის ასაკში 2013 წლის ნოემბრიდან ჩაიბარა, 23 იანვარს თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ტოვებს თანამდებობას, რადგან ჩრდილი არ მიადგეს ხელისუფლებას იმ ბრალდებების გამო, რომ თითქოს ის ხელს აფარებდა 2006 წლის მაისში საპოლიციო სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ლიკვიდაციაში მონაწილე პირებს.

ბრალდებები, რომელიც ჭიკაიძემ უარყო, ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ იური ვაზაგაშვილმა გაახმოვანა, რომელიც 20 იანვარს მისი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 19 იანვარს „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, იური ვაზაგაშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა გამოძიებაში პროგრესის ნაკლებობის გამო. ხოლო გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ზოგიერთი სამართალდამცავი, რომელიც მისი შვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, კვლავაც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და მან მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მათ „მფარველობაში“ დაადანაშაულა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „აბსურდია“, რომ ჭიკაიძე „ვიღაცას ლობირებს“ და ეს  „ცრუ ინფორმაცია ვიღაცამ შეგნებულად“ მიაწოდა აწ გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილს.

„მე დაახლოებით ვიცი ის ადამიანები, რომლებმაც ეს შეგნებულად გააკეთეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „სიმართლე გაირკვევა, გამოძიება დაადგენს ყველაფერს და მე მინდა ბოლოს ვთქვა ის, რომ ის სასტიკი, საზარელი მკვლელობა, რაც ჩაიდინა ვიღაცამ, ის ვიღაცა ძალიან მკაცრად დაისჯება – ისევე მკაცრად დაისჯება, როგორი დანაშაულიც მან თუ მათ ჩაიდინეს – ეს არის ჩემი კომენტარი“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაასახელებს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ასევე მიესალმა ჭიკაიძის „სწორ“ გადაწყვეტილებას გადადგომის თაობაზე.

„მან ანგარიში გაუწია საზოგადოებას და კითხვები სანამ არსებობს საზოგადოებაში, აუცილებლად ასე უნდა მოქცეულიყო და მან ღირსეული ნაბიჯი გააკეთა“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პარასკევს საღამოს იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე მისვლის დროს.

მან დაადასტურა, რომ "ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე" ჰქონდა „ძალიან ხანგრძლივი“ შეხვედრა იური ვაზაგაშვილთან, რომლის დროსაც „დაწვირებით“ უამბო მისი შვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე და „გახარებული იყო, რომ ახალი მოწმეები გამოჩნდნენ“.

ივანიშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის მიზანი იყო მოწმეების დაშინება და გამოძიებისთვის ხელის შეშლა, რათა მისი შვილის მკვლელები გადაურჩნენ მართლმსაჯულებას.

„მეორე ვერსიაა – და ორივე ერთად ძალიან კარგად მუშაობს, რომ ამ ჯგუფს იმედი აქვს, რომ ქვეყანაში შანტაჟი და არეულობა გამოიწვიონ, შიში და ნიჰილიზმი, რომ მათ მოახერხონ თავის გადარჩენა“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ვერავინ ვერ შეძლებს ამას და ყველა, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ საშინელებაში, აუცილებლად მკაცრად აგებს პასუხს“.