Site icon Civil.ge

საქართველო გმობს რუსეთის სათათბიროს მიერ აფხაზეთთან ‘ყირიმის ოკუპაციის ტოლფასი’ ხელშეკრულების რატიფიცირებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა 23 იანვარს რუსეთის სათათბიროს მიერ აფხაზეთთან„მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირებას და კრემლის „დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად“ საერთაშორისო საზოგადოებას „სათანადო ზეწოლისკენ“ მოუწოდა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ყირიმის ოკუპაციის ტოლფასი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. „ხელშეკრულების" რატიფიკაციის გამო და აცხადებს, რომ კრემლის ეს ქმედება წარმოადგენს საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს, რითაც რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში. 

„აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და არ შეიძლება წარმოადგენდეს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა, გაფორმდეს აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკასთან ე.წ. „ხელშეკრულება" საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, არ შეიძლება წარმოშობდეს რაიმე სამართლებრივ შედეგებს და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ  „შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ფედერაციაზე“.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად“, – ნათქვამია განცხადებაში.