Site icon Civil.ge

მარგველაშვილი ლარის გაუფასურების ფონზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 23 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს შეხვდა იმ ფონზე, როდესაც ლარი 2004 წლის აპრილის შემდეგ უდაბლეს ნიშნულამდე დაეცა.  
 
ლარმა, რომელიც სტაბილური იყო 2014 წლის ძირითადი პერიოდის განმავლობაში, ნოემბრის დასაწყისიდან დეკემბრის დასაწყისამდე პერიოდში თავისი ღირებულების 12%–ზე მეტი დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში. მართალია დეკემბრის ბოლოსთვის ლარი ოდნავ გამყარდა, მაგრამ ეროვნულმა ვალუტამ ისევ დაიწყო გაუფასურება და 1 იანვრის შემდეგ თავისი ღირებულების 6%–მდე დაკარგა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 1.9935 შეადგინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მარგველაშვილმა და ქადაგიძემ „ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ სირთულეებსა და მათი დაძლევისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე“ იმსჯელეს.

„საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებასა და მის ნეგატიურ გავლენას ეროვნული ვალუტის კურსზე“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

2014 წელს ექსპორტი საქართველოდან 2%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 2.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ძირითადად, ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ გამოიწვია. ფულადი გზავნილები საქართველოში 2.45%–ით შემცირდა 2014 წელს წინა წელთან შედარებით და 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; კლება რუსეთიდან ტრანსფერების შემცირებამ გამოიწვია; ეს ქვეყანა საქართველოსთვის ფულადი გზავნილების უმსხვილესი წყაროს წარმოადგენს.